Museum - ჩვენი პროგრამები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ჩვენი პროგრამები

Share

ეროვნული მუზეუმის ღონისძიებები განსხვავებული უნარების მქონე ადამიანებისთვის

 03/12/2020

3 დეკემბერი შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა უფლებების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოს ეროვნული მუზეუმი შექმნის დღიდან ცდილობს, რომ იყოს ადგილი, სადაც მოსვლა, შემეცნება თუ თვითგამოხატვა ყველას შეუძლია. გასული 15 წლის განმავლობაში მუზეუმში მოეწყო ღონისძიებები, რომლებიც გათვლილი იყო განსხვავებული უნარების მქონე ადამიანთა საჭიროებებსა თუ ინტერესებზე. 

2015 წლის ივნისში მოეწყო გამოფენა „ხელმისაწვდომობა - ფიზიკური გარემოს მიღმა", შვედი და ქართველი შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ფოტოების ექსპოზიცია თავისი ისტორიებით, რომელიც შვედეთის საელჩოს, შვედური ინსტიტუტისა და „კოალიაცია დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის" ორგანიზებით ჩატარდა. გამოფენა დამთვალიერებელს საქართველოსა და შვედეთში მცხოვრები 22 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის პორტრეტს და პირად ისტორიებს წარუდგენდა. ისინი მოგვითხრობდნენ თავიანთ ყოველდღიურობაზე, განცდებზე, ოცნებებზე, იმედებზე, ოჯახებსა და საყვარელ ადამიანებზე. ღონისძიების მიზანი იყო წინ წამოგვეწია შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციის საკითხი, გვეჩვენებინა, რამდენად ხელმისაწვდომია მათთვის კულტურა. გამოფენის ძირითადი იდეა იყო საზოგადოებაში დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლების პოპულარიზაცია. 

აღსანიშნავია, აგრეთვე 2016 წლის ზაფხულში მუზეუმში გამართული გამოფენა ,,მე ვხედავ თითებით". ამ პროექტის ხელმძღვანელი მხატვარი ქეთევან მატაბელი გახლდათ. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იყო თბილისის სამხატვრო აკადემიის პროფესორ-მასწავლებლების და სტუდენტების, სხვადასხვა სასწავლო და შემოქმედებითი დაწესებულების მოსწავლეების და მათი პედაგოგების მიერ „ვეფხისტყაოსნის" თემაზე შექმნილი სახვითი ხელოვნების ნიმუშები. წარმოდგენილი ნამუშევრები კომპლექსურად აღიქმებოდა განათებით, პერსონაჟების მოძრაობით, ხმებით, შეხებით, ფიზიკური ჩართულობით, გარკვეული თამაშით და თეატრალური ეფექტებით. ინსტალაციებში არსებული ფორმები და კონტექსტი იკითხებოდა არა მხოლოდ თვალებით, არამედ - ხელის შეხებით, მოსმენით, მხედველობის პრობლემების მქონე ადამიანების აღქმისა და შეგრძნების განსაკუთრებულობის გათვალისწინებით. პროექტმა გავლენა მოახდინა მხედველობის პრობლემების მქონე ბავშვთა და მოზარდთა ინტეგრაციაზე კულტურულ-შემოქმედებით და შემეცნებით პროცესებში.

ოქტომბერში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში დაუნის სინდრომის ცნობადობის გაზრდის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება. 2014 წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმიც შეუერთდა ამ ტრადიციას და პროექტის „გამიცანი" ფარგლებში დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში უმასპინძლა მოზარდებს, მხატვრებსა და სახელმწიფოს პირველ პირებს. ეს იყო შემოქმედებითი საღამო, რომელზეც მოწვეულმა სტუმრებმა ერთობლივი მუშაობის შედეგად შექმნეს ნამუშევრები, რომელთა გამოფენაც მოგვიანებით დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატში მოეწყო. ღონისძიების მიზანი გახლდათ, საზოგადოებისათვის დაუნის სინდრომის შესახებ ინფორმაციის მიწოდება. ის ემსახურებოდა ამ სინდრომის მქონე ადამიანთა უფლებების დაცვასა და მათი ყოველდღიურ ცხოვრებაში ინტეგრაციის ხელშეწყობას. საღამო გაიმართა კავშირის „ჩვენი ბავშვები", დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატისა და ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით. 2014 წლის შემდეგ ამ დღესთან დაკავშირებით საქართველოს ეროვნული მუზეუმი რეგულარულად აწყობს ღონისძიებებს.

ეროვნული მუზეუმი მრავალი წელია აქტიურად მუშაობს სპეციალურად შშმ პირთა საჭიროებაზე მორგებული საგანმანათლებლო რესურსების, შესაბამის თანამშრომელთა მომზადების და საჭირო ფინანსური რესურსის მოძიების მიმართულებით. გაერთიანების შექმნიდან დღემდე შეიქმნა მრავალი საგანმანათლებლო რესურსი, პროგრამა, ადაპტირდა უკვე არსებული საგანმანათლებლო პროგრამები. გარდა ამისა განხორციელდა სხვადასხვა ტიპის ერთჯერადი ღონისძიება (დაუნის სინდრომის საერთაშორისო დღე, აუტიზმის საერთშორისო დღე და სხვ.) და გამოფენა შშმ პირთა პრობლემების მიმართ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების კუთხით.

საქართველოს მუზეუმების ხელმისაწვდომობის გაზრდის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი პროექტი იყო „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში" (2016-2019). პროექტი განხორციელდა საქართველოს ახალგაზრდა ხელოვანთა ასოციაციასთან „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" თანამშრომლობის ფარგლებში. ჩატარდა მუზეუმის თანამშრომელთა ტრენინგები, რომელთაც შეხება აქვთ ვიზიტორებთან; შემუშავდება სპეციალური ადაპტირებული პროგრამები შშმ პირებისათვის (ჩართული იყო 1000-მდე ბენეფიციარი); შეიქმნა სპეციალური სახელმძღვანელო - გზამკვლევი მუზეუმის პედაგოგებისა და საგანმანათლებლო სფეროს სპეციალისტებისათვის, შშმ პირთა საჭიროებებზე მორგებული პროგრამების შექმნის შესახებ.

ეროვნულ მუზეუმში პერიოდულად ეწყობა კურატორების ტური, რომელიც სპეციალური საჭიროების მქონე ჯგუფებისთვის არის განკუთვნილი. მათ შორის იყო ომის დროს დაზარალებული ომისა და თავდაცვის ძალების ვეტერანების ვიზიტი მუზეუმში. ბრიტანეთის საელჩოს ინიციატივით მათ საშუალება მიეცათ თბილისში ენახათ ბრიტანეთის მუზეუმის კოლექციაში დაცული დავით აღმაშენებლის მონეტა, რომელიც 2019 წლის ბოლოს სამი თვის განმავლობაში საქართველოს ეროვნულ მუზეუმში იყო გამოფენილი. უნიკალური მონეტის საქართველოში ჩამოტანის პროექტი ბრიტანეთის საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს მხარდაჭერით განხორციელდა.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის პრიორიტეტია ცოდნის გავრცელება, მუზეუმის აუდიტორიის, დამთვალიერებელთა რაოდენობის გაზრდა, ინოვაციური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა. მუზეუმი დიდ ყურადღებას აქცევს ისეთი პროგრამების განვითარებას, რომელიც ხელს უწყობს განსაკუთრებული საჭიროების მქონე პირებისთვის კომფორტული გარემოს შექმნას და ქვეყნის მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის გაზრდას.

 

ავტორი: მიხეილ წერეთელი, ანუკი ჟვანია
საქართველოს ეროვნული მუზეუმი