პუბლიკაციები
სტატია: საქართველოს ეროვნული მუზეუმი - ახალი ცოდნის გაზიარების ადგილი
14/12/2020
ინტერვიუ: ნათია ხულუზაური
საქართველოს ეროვნული მუზეუმის გაერთიანება 2005 წელს შეიქმნა და მის ხელმძღვანელად აკადემიკოსი დავით ლორთქიფანიძე დაინიშნა. გაერთიანებაში შევიდა ჩვენი ქვეყნის პრაქტიკულად ყველა მთავარი მუზეუმი და რამდენიმე სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულება. თითოეულ დაწესებულებას თავისი უნიკალური ისტორია, კოლექცია და ტრადიცია ახლდა თან, თუმცა თითოეული უმძიმეს დღეში იყო, ისევე როგორც მთელი ქვეყანა გასული საუკუნის 90-იანი წლების შემდეგ. ახლად შექმნილი გაერთიანების და მისი გენერალური დირექტორის წინაშე იდგა საკმაოდ რთული ამოცანა - არსებულ უნიკალურ ტრადიციებზე დაყრდნობით შეექმნა თანამედროვე ინტერდისციპლინარული სამეცნიერო-კულტურული დაწესებულება, რომელიც ეროვნული საგანძურის კვლევით მიღებული ცოდნის მიღებისა და გაზიარების, გართობისა და დასვენების ადგილად იქცეოდა და რომელიც ჩვენი ქვეყნის სახელს აღბეჭდავდა თანამედროვე მსოფლიოს სამეცნიერო-კულტურულ რუკაზე.




