Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

ჟურნალი - ,,აია

 07/05/2008

არქეოლოგიის პოპულარიზაციის მიზნით გელა  გამყრელიძის სამეცნიერო რედაქტორობით საქართველოს ეროვნულ მუზეუმში დაარსდა და გამოიცემა სამეცნიერო-პოპულარული, სერიული ალმანახი “აია”(არქეოლოგია), რომელიც ახალგაზრდებისთვისაა განკუთვნილი.

 

აია - ძველი საქართველოს დასავლეთი მხარის უძველესი სახელია. აია-კოლხეთი ჩვენამდე მოღწეულ წერილობით ტექსტებში პირველად ძვ. წ. VI საუკუნეში მოიხსენიება. აიაში მეფობდა მრისხანე აიეტი. აიაში ანუ კოლხეთში, ქალაქ ქუთაისში იდგა მეფე აიეტის შთამბეჭდავი სასახლე. ძვ. წ. III საუკუნის ავტორი აპოლონიოს როდოსელი აღნიშნავს, რომ მდ. ფასისის (დღევანდელი რიონი) “ხელმარცხნივ იყო მაღალმთიანი კავკასიონი და აიას ქალაქი ქუთაია”.  მეცნიერებს ყოველთვის აინტერესებდათ კითხვებზე პასუხი: კონკრეტულად, აია-კოლხეთში სად მდებარეობდა ქალაქი ქუთაია? რას წარმოადგენდა ძველი საქართველოს ეს მხარე ძვ. წ. I ათასწლეულში, კულტურულ-ეკონომიკურად ? სწორედ ამ კითხვებზე და ძველი საქართველოს ისტორია-არქეოლოგიის კიდევ ბევრ საინტერესო საკითხზე პოპულარული ენით იქნება საუბარი ამ ალმანახში, რომელსაც აია დავარქვით. თუმცაღა გარკვეულწილად ამ კითხვებზე არქეოლოგებმა უკვე გასცეს პასუხი, თუნდაც იმით, რომ უკვე აღმოაჩინეს მიწის საფარველის ქვეშ ძველი ნამოსახლარები, თავდაცვითი ზღუდეები, წარჩინებულ დიდებულთა გასაოცრად მდიდრული სამარხები, ვერცხლისა და ბრინჯაოს ქანდაკებები, ოქრომჭედლობის იშვიათი და თავისებური ნიმუშები, მრავალრიცხოვანი ნატიფი ჭურჭელი და სხვ. რაც ძველი ქართული ცივილიზაციის თვალსაჩინო და უტყუარი მოწმობაა.

 

არქეოლოგები კვლავაც გააგრძელებენ საქართველოს ტერიტორიის კვლევას. ჯერჯერობით უცნობია კიდევ რა ახალ აღმოჩენას მოგვიტანს მადლიანი ქართული მიწა, კიდევ რით გამდიდრდება ჩვენი ეროვნული კულტურული მემკვიდრეობა. ჯერხანად საქართველოს ტერიტორიის მხოლოდ ნაწილია არქეოლოგიურად შესწავლილი. ქართველ არქეოლოგებს წინ აქვთ მძიმე და შრომატევადი სამუშაოები ჩასატარებელი. ქართველ არქეოლოგთა მონაპოვარი უდიდესი მატერიალური წყაროა საქართველოს ძველი ისტორიის შესასწავლად.

 

ალმანახი “აია”(არქეოლოგიას) გამოსცემს საქართველოს ეროვნული მუზეუმი და შეგიძლიათ შეიძინოთ ეროვნული მუზეუმის წიგნების მაღაზიაში.

 

ჟურნალი - აია არქეოლოგია, (pdf) 

 

ელ-რესურსი (pdf)-გელა  გამყრელიძე