Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

გენერალ გიორგი კვინიტაძის მემორიალური ნივთების გამოფენა

 25/05/2021

საქართველოს მუზეუმი

26 მაისიდან, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი მასპინძლობს ეროვნული გმირის, ცნობილი ქართველი სამხედრო მოღვაწის – გენერალ გიორგი კვინიტაძის (1874-1970) მემორიალური ნივთების გამოფენას.

ფართო აუდიტორიის წინაშე პირველად გამოიფინა გიორგი კვინიტაძის ხელნაწერები, იარაღ-საჭურველი, რუკა, პასპორტი, წერილები, პორტრეტი და სხვა მემორიალური ნივთები, რომლებიც გენერლის მემკვიდრეებმა საქართველოს ეროვნულ მუზეუმს გადმოსცეს.  

თითოეული ნივთი საქართველოს ისტორიისა და კულტურული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. ისინი მოგვითხრობენ საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაზე, პირველი რესპუბლიკის ისტორიასა და საუკუნის წინ საფრანგეთში ემიგრირებული ქართველი საზოგადო და პოლიტიკური მოღვაწეების ცხოვრების შესახებ.

„არმია თავისი ხალხის თვისებების ანარეკლია, რადგან პირმშოა ამ ხალხისა, მისი სისხლი და ხორცი. არმია სარკესავით აირეკლავს თავისი ხალხის ყველა კეთილ და მანკიერ თვისებას, მისი ძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ხარისხი შეესაბამება ხალხის შინაგანი ძლიერების და განვითარების ხარისხს“ - გიორგი კვინიტაძე

ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივ სივრცეში გამოფენა ერთი თვის განმავლობაში იქნება წარმოდგენილი. მოგვიანებით კი აღნიშნული ექსპოზიცია საბჭოთა ოკუპაციის საგამოფენო დარბაზში დაიდებს ბინას.

გამოფენის ხანგრძლივობა: 26 მაისი - 26 ივნისი, 2021
მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3

გამოფენაზე დასწრება თავისუფალია!

***

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მადლობას უხდის გენერალ გიორგი კვინიტაძის შვილიშვილებს ქალბატონ კატო ოდიშელიძეს, ქალბატონ მარიამ დაბოს, ბატონებს ნოდარ და მერაბ ოდიშელიძეებს და მათ ოჯახის წევრებს ამ ისტორიული მნიშვნელობის ნივთების გადმოცემისათვის.   

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მადლობას უხდის საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა სამინისტროებს, ასევე, საფრანგეთში საქართველოს საელჩოს თანამშრომლობისათვის. 

გენერალ გიორგი კვინიტაძის ცხოვრებისა და მოღვაწეობის ისტორია