Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

კავკასიის ბიომრავალფეროვნება

 08/06/2018

საქართველოს მუზეუმი

საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენიდან 150 წლის შემდეგ

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება". გამოფენა ეძღვნება საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლის იუბილეს. 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებში დაცულია კავკასიაში უნიკალური და უმდიდრესი გეოლოგიური, ბოტანიკური და ზოოლოგიური კოლექციები. მათ შორისაა იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.

ბუნების ისტორიის კოლექციების შეგროვება მუზეუმში 1852 წლიდან იწყება. 1856-1868 წლებში ნატურალისტ ფრიდრიხ ბაიერნის ინიციატივით მოეწყო საბუნებისმეტყველო მუზეუმის პირველი გამოფენა-კაბინეტი. სწორედ აღნიშნული გამოფენის დახურვიდან 150 წლის შემდეგ, საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გამოფენას „კავკასიის ბიომრავალფეროვნება". აღსანიშნავია, რომ დღეს გამოფენილ ექსპონატთა ნაწილი წარმოდგენილი იყო პარიზის 1867-1869 წლების საერთაშორისო გამოფენაზე, სადაც ბევრმა მათგანმა ოქროს, ვერცხლის და ბრინჯაოს მედლები დაიმსახურა.

XIX საუკუნის შუახანებში საქართველოს სამუზეუმო საქმიანობის განვითარებაში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა გერმანელმა მეცნიერმა და ნატურალისტმა გუსტავ რადემ. 1928 წელს მისი თაოსნობით შეგროვებულმა კოლექციამ საფუძველი ჩაუყარა კავკასიაში პირველ ზოოლოგიურ გამოფენას, რომელიც 1972 წლამდე არსებობდა. 

მას შემდეგ ფონდებში დაცული მასალა მუზეუმის სპეციალისტების მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშაა. საგანმანათლებლო მიზნებიდან გამომდინარე, მუზეუმში პერიოდულად ეწყობოდა მცირე მასშტაბის გამოფენები.

დღეს თანამედროვე სამუზეუმო ტექნოლოგიების გამოყენებით შექმნილ ახალ გამოფენაზე დამთვალიერებელი გაეცნობა კავკასიის რეგიონის ბიომრავალფეროვნებას - გეოლოგიურ, ბოტანიკურ და ზოოლოგიურ კოლექციებს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილი მინერალები, ქანები, ნამარხ უხერხემლო ცხოველთა ფაუნა, უმაღლესი და უმდაბლესი მცენარეების საჰერბარიუმო ნიმუშები, მოლუსკები, მწერები, თევზები, ამფიბიები, ქვეწარმავლები, ფრინველები და ძუძუმწოვრები სრულყოფილად ასახავს საქართველოს და, ზოგადად, კავკასიის რეგიონის ფლორისა და ფაუნის ევოლუციურ განვითარებას. კოლექციებს შორისაა კავკასიის ტერიტორიაზე გავრცელებული ენდემები, რელიქტები, გადაშენების პირას მყოფი ან უკვე გადაშენებული სახეობები.

განსაკუთრებით აღსანიშნავია, ეროვნული მუზეუმის სპეციალისტების მიერ, თანამედროვე მიდგომებით რეკონსტრუირებული ათწლეულების წინანდელი გამოფენის დიორამები - თურანული ვეფხვის და გარეული ტახის ფიტულები მტკვრის ჭალის ტყის ფონზე; საქართველოს ტბების და ჭაობების ფაუნა ჭალის ტყის მახლობლად და ძუძუმწოვარ ცხოველთა მრავალფეროვანი კოლექციები მდ. ვერეს პანორამის ფონზე.

2019 წლის 28 სექტემბრიდან, გამოფენაში ჩართულია სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის მასშტაბური, ბეჭდური ვერსია, რომელიც დამთვალიერებელს თვალნათელ წარმოდგენას უქმნის სამხრეთ კავკასიის ბუნების მნიშვნელობისა და მრავალფეროვნების შესახებ. ამასთანვე, აქვე დამონტაჟებული ე.წ. „თაჩ-სქრინები“ საშუალებას გვაძლევს მოვიძიოთ მეტი ინფორმაცია რუკის ელექტორნულ ვერსიაში. აღნიშნული პროექტი რამდენიმეწლიანი ინტენსიური მუშაობის შედეგია, რომელიც National Geographic Magazine - საქართველოსა და საქართველოს ეროვნული მუზეუმის მჭიდრო თანამშრომლობით განხორციელდა. სამხრეთ კავკასიის ბიომრავალფეროვნების პირველი ილუსტრირებული რუკის შექმნა შესაძლებელი გახდა GIZ-ის „ბიომრავალფეროვნების ინტეგრირებული მართვა სამხრეთ კავკასიაში" პროექტის მხარდაჭერით. 

გამოფენა „კავკასიის ბიომრავალფეროვნება" წარმოადგენს ტრადიციული მუზეოლოგიის, მრავალწლიანი სამეცნიერო კვლევებისა და თანამედროვე ტექნოლოგიური შესაძლებლობების სინთეზს და გვევლინება ბუნების ისტორიის შესწავლის მძლავრ საგანმანათლებლო კერად ნებისმიერი ასაკის დამთვალიერებლისთვის, განსაკუთრებით კი ბავშვებისა და მოზარდებისთვის. 

გამოფენა იმართება კულტურული მემკვიდრეობის ევროპული წელი 2018-ის ფარგლებში. 

გამოფენის პარტნიორია National Geographic Magazine საქართველო

პროექტი მომზადდა დავით ბეჟუაშვილის განათლების ფონდის მხარდაჭერით. 

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შ. რუსთაველის გამზ. 3.


◆ მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.
შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 15 ლარი;
სტუდენტი 50 თეთრი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, მუზეუმის მეგობრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.

ფოტო: დავით ცვარიანი