Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ნუმიზმატიკური საგანძური

 01/03/2016

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ მუდმივმოქმედ გამოფენას ,,ნუმიზმატიკური საგანძური".  

ნუმიზმატიკური საგანძურის ექსპოზიცია  საზოგადოებას აცნობს საქართველოს ტერიტორიაზე ფულის მიმოქცევის ხანგრძლივ ისტორიას ძვ.წ. VI საუკუნიდან 1834 წლამდე.

ნუმიზმატიკური კაბინეტი საქართველოში პირველად ეროვნული მუზეუმის ეგიდით სვანეთის მუზეუმში 2013 წელს გაიხსნა. ამჯერად კი საზოგადოებას, ასეთი ფართო მასშტაბით, პირველად წარვუდგენთ სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში დაცულ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო  ნუმიზმატიკურ კოლექციას. 

ექსპოზიცია იწყება პრემონეტარული ნივთებით. წარმოდგენილია სხვადასხვა წონის და ზომის ბრინჯაოს მასიური რგოლები (ძვ.წ. II-I ათასწლეული), კაური (ინდოეთის ოკეანეში გავრცელებული მოლუსკის ნიჟარა) და შრომის სხვადასხვა იარღი. აღნიშნული ნივთები უძველეს დროში საქონლის ღირებულების საზომად გამოიყენებოდა.  

გამოფენაზე წარმოდგენილია 3,500-მდე მონეტა. მათ შორისაა კოლხური თეთრის იშვიათი ნიმუშები, კოლხეთის მეფის აკეს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელისა და ლისიმაქეს სტატერების ადგილობრივი მინაბაძები, რომის პირველი იმპერატორის ოქტავიანე ავგუსტუსის დენარებისა და რომაული საიმპერატორო აურეუსების იბერიული იმიტაციები. დამთვალიერებელი ასევე პირველად იხილავს  ქართულ-სასანურ იშვიათ დრამებს, ჯაფარიანების თბილურ დირჰემებს, პირველი ბაგრატიონების ბიზანტიურტიტულიან ვერცხლის ქართულ საფასეებს, დავით აღმაშენებლის ვერცხლის მონეტას, რუსუდან დედოფლის უნიკალურ დრამას, გიორგი IV ლაშას უნიკალურ სპილენძის მონეტას, ყვარყვარე ათაბაგის, იმერეთის, ქართლ-კახეთის მეფეების მონეტებს და სხვა. 

გამოფენის მხარდამჭერია „ლიბერთი ბანკი".

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3. 

***

საქართველოში ფულის მოჭრის ისტორია ოცდაშვიდ საუკუნეს ითვლის. კოლხეთი სამონეტო ცივილიზაციის ერთ-ერთი უძველესი კერაა მსოფლიოში. აქ ძვ.წ. VI საუკუნეში იწყება მონეტების მოჭრა და ფულის მიმოქცევა. სამეცნიერო ლიტერატურაში ეს მონეტები ,,კოლხური თეთრის" სახელით არის ცნობილი.

ფულის ისტორიული განვითარება ზუსტად ასახავს ქვეყნის ეკონომიკურ, პოლიტიკურ და კულტურულ მდგომარეობას.

საქართველოში მონეტის ფორმა, ზომა, წონა, გამოსახულება, ზედწერილების შინაარსი და ბრუნვაში მყოფი ფულადი მასის შემადგენლობა იმის მიხედვით იცვლებოდა, თუ როგორი იყო ქვეყნის ეკონომიკური და პოლიტიკური მდგომარეობა, რომელი სახელმწიფო დომინირებდა იმდროინდელ წინა აზიაში და რომელი ქვეყნის ფული იყო წამყვანი სამონეტო ბაზარზე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის ნუმიზმატიკურ კოლექციაში 100,000-მდე მონეტა ინახება, რომელთა უმეტესობა საქართველოს ტერიტორიაზეა აღმოჩენილი. კოლექციის შეგროვება XIX საუკუნის 50-იანი წლებიდან დაიწყო. იგი მემკვიდრეა კავკასიის მუზეუმის, წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების, საისტორიო და საეთნოგრაფიო საზოგადოებისა და სიონის საკათედრო ტაძართან არსებული საეკლესიო მუზეუმის ნუმიზმატიკური კოლექციებისა. ამ კოლექციებმა 1931 წელს თავი მოიყარა საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში, რის შემდეგაც ნუმიზმატებმა თამარ ლომოურმა და დავით კაპანაძემ ნუმიზმატიკური ფონდების კლასიფიკაცია მოახდინეს. შეიქმნა ქართული, რუსული, კლასიკური, ძველი ირანის, ბიზანტიისა და ტრაპიზონის, აღმოსავლური, ევროპული მონეტების ფონდები, ასევე მედლების, ორდენებისა და ჟეტონების ფონდი, განძების ფონდი. მუზეუმი ფლობს აგრეთვე  ქართული, რუსული და სხვა ქვეყნების ქაღალდის ფულისა და ფასიანი ქაღალდების კოლექციას.

კოლექცია განსაკუთრებით გამდიდრდა გასული საუკუნის განმავლობაში საქართველოში ჩატარებული არქეოლოგიური გათხრების შედეგად მოპოვებული მონეტებისა და შემთხვევით აღმოჩენილი სამონეტო განძების წყალობით.

კოლექციის შევსება-გამდიდრება უწყვეტი პროცესია და მუდმივად მიმდინარეობს.

ფოტო: საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო