https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პუბლიკაციები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პუბლიკაციები

Share

ჟურნალი „მუზეუმი" 2020

 15/01/2021

წელს საქართველოს ეროვნული მუზეუმი 15 წლის გახდა და მოხარული ვარ, წარმოგიდგინოთ ჩვენი ჟურნალის საიუბილეო გამოცემა. წინამდებარე ნომერში ჩვენ შევეცადეთ თავი მოგვეყარა ამ ხნის მანძილზე განხორციელებული მნიშვნელოვანი პროექტებისთვის და გაგვეცნო თქვენთვის ჩვენი სამომავლო გეგმები. სამუზეუმო გაერთიანება 2004 წლის მიწურულს შეიქმნა; მასში შევიდა ჩვენი ქვეყნის უმნიშვნელოვანესი მუზეუმების ნაწილი და სამეცნიერო-კვლევითი დაწესებულებები. თითოეულ ინსტიტუციას უკვე კარგად ჩამოყალიბებული საკუთარი ტრადიცია ჰქონდა, რომელიც უმეტეს შემთხვევაში სათავეს XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე იღებდა. გაერთიანების შექმნის მიზანი სწორედ ამ წარსულსა და ტრადიციაზე დაყრდნობით თანამედროვე, მულტიდისციპლინარული სამეცნიერო-კულტურული დაწესებულების შექმნა და, ამასთანავე, კულტურული მემკვიდრეობის მოძრავი ძეგლების, მნიშვნელოვანი ინტელექტუალური და სამეცნიერო-კვლევითი პოტენციალის თავმოყრა გახლდათ. სიმართლე გითხრათ, პირველივე წუთებიდან ვგრძნობდი უდიდეს პასუხისმგებლობას, თუმცა თავიდან ვერ წარმომედგინა, თუ რა მასშტაბის ინსტიტუცია იქმნებოდა – ბევრი რამ ნელ-ნელა, მუშაობის პროცესში გამოჩნდა.

 

ჩვენ მიერ 15 წლის წინ დასახული გეგმებიდან საკმაოდ ბევრი განხორციელდა; ბევრი ჯერ კიდევ განხორციელების პროცესშია. ერთი რამ დანამდვილებით შემიძლია გითხრათ – დღეს ეროვნულ მუზეუმს ჰყავს მრავალპროფილიან პროფესიონალთა გუნდი, რომელსაც აქვს ცოდნა, გამოცდილება და უნარი იმისა, რომ განავითაროს თანამედროვე ინსტიტუცია, რომელიც ტოლს არ დაუდებს მსოფლიოს ნებისმიერ წამყვან დაწესებულებას. ამის დასტურია თუნდაც ის, რომ პანდემიის დროს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა შეძლო არამარტო გაეგრძელებინა აქტიური საქმიანობა ონლაინფორმატში, არამედ ისიც, რომ გაეხსნა ორი ახალი მუზეუმი ბოლნისსა და ვანში. ბოლნისისა და ვანის მუზეუმებში წარმოდგენილია ჩვენი ქვეყნის სამი მთავარი ბრენდი – პირველი ევროპელები, საქართველო – ღვინის სამშობლო და ოქროს საწმისის ქვეყანა. ეს მუზეუმები შეუერთდნენ სვანეთის, ახალციხისა და სიღნაღის რეგიონული მუზეუმების სიას თანამედროვე სამეცნიერო ინფრასტრუქტურითა და საზოგადოებრივი სივრცეებით. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას აძლევს ჩვენს გაერთიანებას, კიდევ უფრო აქტიურად აწარმოოს უმაღლესი რანგის სამეცნიერო კვლევა, მოახდინოს შეძენილი ცოდნის ინტერპრეტაცია და წარუდგინოს ის საზოგადოებას. ყოველივე ეს ამყარებს როგორც საქართველოს ეროვნული მუზეუმის, ისე მთლიანად ქვეყნის პოზიციას საერთაშორისო სამეცნიერო-კულტურულ რუკაზე.

 

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ჟურნალი „მუზეუმი", #6 2020

რედაქტორი: დავით ლორთქიფანიძე

 

https://www.traditionrolex.com/9