https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ეროვნული მუზეუმის ფესტივალი 2021: წიგნის პრეზენტაცია - ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები

 18/05/2021

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ფესტივალის ფარგლებში, 20 მაისს, 16:00 საათზე, ეროვნული გალერეის ეზოში გაიმართება წიგნის პრეზენტაცია - „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები".

წიგნის ავტორები: ეკა კიკნაძე, ნინო ტაბუცაძე, მარიამ გველესიანი, ნინო კალანდაძე.

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში დაცული დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების კოლექცია ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი და მნიშვნელოვანია როგორც საქართველოში, ასევე, კავკასიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში. კოლექცია მოიცავს იტალიური, გერმანული, ჰოლანდიური, ფრანგული, ესპანური, ბელგიური, ავსტრიული და სხვა ევროპული სამხატვრო სკოლების ფერწერის, გრაფიკის, ქანდაკებისა და დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს XIV საუკუნიდან XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით. კოლექციის მნიშვნელობის წარმოჩენისთვის საკმარისია, დავასახელოთ მასში დაცული ნამუშევრების ავტორები: ბერნარდო დადი, პაოლო ვენეციანო, ლუკას კრანახ უფროსი, გვიდო რენი, იან სტენი, იაკობ ვან რეისდალი, ონორე დომიე, მაქს ლიბერმანი, ფრანცისკო პრადილა, ოსვალდო ლიჩინი და სხვ.

ეროვნული მუზეუმის გუნდის მიერ, 2019-2021 წლებში, შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით განხორციელდა პროექტი „საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები". პროექტის ფარგლებში, ინტეგრირებული (სახელოვნებათმცოდნეო-ტექნიკური) კვლევა საქართველოში პირველად ჩაუტარდა ევროპული მხატვრობის ნიმუშებს, მათ შორის ბერნარდო დადის, პაოლო ვენეციანოს, ლუკას კრანახ უფროსისა და პიტერ პაულ რუბენსის (სახელოსნოს) ნამუშევრებს. სახელოვნებათმცოდნეო და ტექნიკური კვლევა გაანალიზდა და ინტეგრირდა შესაბამისი საერთაშორისო კვლევებისა და ბაზების მონაცემთან კონტექსტში.

პროექტის ფარგლებში, გაიმართა კონსულტაციები უცხოელ კოლეგებთან. კვლევის შედეგად, მნიშვნელოვნად დაკორექტირდა რამდენიმე ექსპონატის ატრიბუცია: დაზუსტდა წარმომავლობის დეტალები, გამოვლინდა და შესწორდა მცდარი დასახელებები და სიუჟეტური ინტეპრეტაცია, განისაზღვრა ცალკეული ნამუშევრების ავტორი/საავტორო წრე, თემატიკა და ქრონოლოგია; შეიქმნა კოლექციის მონაცემთა თანამედროვე ელექტრონული ბაზა.

კვლევის შედეგები გამოიცა ორენოვანი პუბლიკაციის სახით - "საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთევროპული ხელოვნების კოლექციის ინტეგრირებული კვლევები". პუბლიკაცია გახლავთ პირველი სამეცნიერო გამოცემა საქართველოს ეროვნული მუზეუმის დასავლეთ ევროპის ქვეყნების ხელოვნების კოლექციის შესახებ და წარმოადგენს ბაზისს საქართველოში ევროპული ხელოვნების სამომავლო სამეცნიერო კვლევებისთვის.

საქართველოში არსებული ბიბლიოთეკებისა და სახელოვნებო ინსტიტუციების გარდა, უცხოელ მკვლევართა მხრიდან ინტერესის გათვალისწინებით, წიგნი მსოფლიოს 30-ზე მეტი მუზეუმის ბიბლიოთეკაში განთავსდება, ასევე, გავრცელდება ონლაინ პლატფორმებზე.

პუბლიკაციის პრეზენტაცია: 20 მაისი, 16:00
მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ეზო, შ. რუსთაველის გამზ. 11 (შესასვლელი ალექსანდრეს ბაღის მხრიდან).

დასწრება თავისუფალია!
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის

#მუზეუმისფესტივალი #MuseumFest #IMD2021

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9