https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაცია

 19/11/2010

საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში წარმოგიდგენთ "ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაციის" პროექტის პრეზენტაციას.

2010 წელს საქართველოს ეროვნულმა მუზეუმმა კომპანია BP-ს ფინანსური მხარდაჭერით, იტალიის კულტურის სამინისტროს თანამშრომლების კონსულტაციით მოამზადა ძალისას არქეოლოგიური ძეგლის რეაბილიტაციის პროექტი, რომელიც არქიტექტურულმა კომპანია "არტ უბანმა" განახორციელა. ჩვენი ქვეყნის ეს უმნიშვნელოვანესი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი ძალისის სოფლის აღმოსავლეთით, მუხრანის ველზე, მდ. ნარეკვავის ორივე ნაპირზე მდებარეობს. ნაქალაქარი ძვ.წ.აღ. II და ახ.წ.აღ. VIII საუკუნეებით თარიღდება.

ძეგლზე არქეოლოგიური კვლევა პირველად 1971-82 წლებში ჩატარდა. მოპოვებული მასალის მიხედვით, ჩანს რომ ქალაქმა განვითარების უმაღლეს დონეს I-III საუკუნეებში მიაღწია. IV საუკუნეში განადგურდა და მის ტერიტორიაზე ცხოვრება დროებით წყდება, VI-VII საუკუნეებში ცხოვრება კვლავ შეიმჩნევა. VIII საუკუნის 30-იან წლებში, მურვან ყრუს ლაშქრობის შედეგად, ქალაქი საბოლოოდ განადგურდა.

ნაქალაქარზე გაითხარა ტაძრის, სასახლისა და აბანოს კომპლექსები. ტაძრის დარბაზის იატაკზე თორმეტი ფერის კენჭებისაგან შედგენილი უნიკალური მოზაიკა აღმოჩნდა, რომელიც II საუკუნით თარიღდება. მოზაიკა ვაზის ხეივანში მჯდარ დიონისესა და არიადნეს კომპოზიციას გადმოგვცემს. წარმოდგენილი გამოსახულებებისა და თვით ნაგებობის ხასიათით შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ეს იყო დიონისეს ტაძარი, სადაც დიონისეს კულტთან დაკავშირებული რიტუალი სრულდებოდა.

სასახლისაგან შემორჩენილია მხოლოდ ერთ რიგად ჩამწკრივებული ბაზალტის ქვისაგან გამოკვეთილი კოლონების ბაზისები და შადრევნის აუზი. სასახლე I-II საუკუნითაა დათარიღებული.

აბანო, რომელიც II-IV სს. თარიღდება, რომაული ტიპისაა და სამი - ცივი, თბილი და ცხელი - განყოფილებებისაგან შედგება. იატაკზე ფერადი მოზაიკით ფრაგმენტულადაა შემორჩენილი დელფინის თავის, ზღვის ნიჟარის, ბადისა და თევზების გამოსახულებები.

გასული საუკუნის 80-იან წლებში ტაძარს მინის პავილიონი გაუკეთდა. გამაგრდა მოზაიკა და ჩატარდა სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები. თუმცა დღეს, ეს უნიკალური კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი კვლავ საჭიროებს მეცნიერულ კვლევას, სარესტავრაციო და საკონსერვაციო სამუშაების ჩატარებას. ჩვენი მიზანია, ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი, დმანისისა და ვანის მუზეუმ-ნაკრძალების მსგავსად, თანამედროვე სტანდარტების შესაბამის მუზეუმად ვაქციოთ, რომელიც თავის მხრივ ხელს შეუწყობს კულტურული ტურიზმის განვითარებას. 

პროექტის მხარდამჭერია კომპანია BP და მისი პარტნორები, იტალიის კულტურის სამინისტრო და TBC  ბანკი.

https://www.traditionrolex.com/9