Museum - მიმდინარე ღონისძიებები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

მიმდინარე ღონისძიებები

Share

კახეთის სიძველეების კვლევისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

 13/03/2019

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ კახეთის სიძველეების კვლევისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში.

კონფერენციაზე წარმოდგენილი იქნება კახეთის ისტორიის, საეკლესიო და საერო ხუროთმოძღვრების, სამშენებლო მასალების, რელიეფური კვეთისა და მხატვრული ქარგვის ხელოვნების, კედლის მხატვრობის, ხატწერისა და ხელნაწერთა მხატვრული გაფორმების თემები.

კონფერენციაში მონაწილეობენ სხვადასხვა დარგის წამყვანი და დამწყები სპეციალისტები შალვა  ამირანაშვილის სახელობის ხელოვნებისა და  სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმებიდან, გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნებისა და ძეგლთა დაცვის კვლევის ეროვნული ცენტრიდან, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოდან და აპოლონ ქუთათელაძის სახელობის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიიდან.

მოხსენებებში განხილული იქნება ბოდბის, ალავერდის, ძველი და ახალი შუამთის, დავითგარეჯის, ნინოწმინდის, აკურის, საგარეჯოს, ყარა-ბულახის ეკლესია-მონასტრების კუთვნილი სიძველეები, შუა საუკუნეების კახეთის სასახლეები და, აგრეთვე, ქალაქ სიღნაღისა და საქართველოს სხვა რეგიონების საცხოვრებელი სახლების არქიტექტურული ანაზომებისა და ნახაზების ფონდის მასალები.

კონფერენცია ტარდება სიღნაღის მუზეუმის მიმდინარე გამოფენის „კახეთის კოლექციის რჩეული ნიმუშები შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმიდან" ფარგლებში.

კონფერენციაზე დასწრება თავისუფალია.

19 მარტი, 2019  | 10:30-18:00

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8