Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

"გასასვლელი" - მიშა გოგრიჭიანის ნამუშევრების გამოფენა

 29/10/2020

თბილისის ისტორიის მუზეუმი

თბილისის ისტორიის მუზეუმი ნოემბრიდან, პროექტის "თანამედროვე ხელოვნების გალერეა" ფარგლებში, წარმოგიდგენთ მიხეილ გოგრიჭიანის ნამუშევრების გამოფენას "გასასვლელი".

პროექტი პანდემიის დროს შეიქმნა, როდესაც ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოწვეული ჩაკეტვისას (ე.წ. ლოკდაუნის დროს), მკვეთრად შემცირდა ინდუსტრიული მავნე ნარჩენების წილი ჰაერში და ჩვენი დიდი ურბანული სივრცის თავზე „სმოგის" ნაცვლად, სუფთა ჰაერი გაჩნდა.

მიხეილ გოგრიჭიანის პროექტი "გასასვლელი", ტყეების ერთიან ფერადოვან სიღრმეში ქალაქის უსახური ურბანული ტყვეობიდან გაქცევის და ყველა სირთულიდან გასასვლელ-გამოსავალის არსებობის კონცეპტუალურ იდეას ასახავს. ეს ტყეები ზღაპრულიცაა, იდუმალიც, დრამატულიც, საფრთხის შემცველიც, ძალიან მშვიდიც და ბუნებრივიც. რაც მთავარია, თითოეული ნამუშევარი საინტერესო და განსხვავებულია. გამოფენასთან ერთად, პროექტის ფარგლებში მომზადდა კატალოგი, რომელშიც პროექტის ნამუშევრებთან ერთად, წარმოდგენილია მხატვრის რამდენიმე ძველი ნამუშევარიც.

გამოფენა წარმოადგენს განსხვავებულ, ალტერნატიულ იდეას, პირობით "გასასვლელს" ნებისმიერი ჩაკეტილი სივრციდან, რაც დღეს განსაკუთრებით აქტუალურია.

გამოფენის ხანგრძლივობა: 4-20.11.2020

მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.