-
- გამოფენები
- მიმდინარე გამოფენები
გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტული გამოფენა

16/09/2020
საქართველო ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ცნობილი ქართველი გრაფიკოსის, გურამ დოლენჯაშვილის რეტროსპექტულ გამოფენას დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.
გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ შესრულებული ფერწერული ტილოები, ფანქრითა და ოფირტის ტექნიკაში შესრულებული ნამუშევრები. ასევე, დამთვალიერებელი იხილავს ავტორის შემოქმედებითი საქმიანობის ამსახველ ფოტომასალას.
გურამ დოლენჯაშვილი 1943 წელს დაიბადა ქალაქ ქუთაისში, დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია. ადრეულ ასაკში შორეულ აღმოსავლეთსა და ჩრდილოეთ ყინულოვან ოკეანეში მოგზაურობამ მისი შემოქმედება ორ ნაწილად გაყო - გრაფიკული სერიები მეთევზეებზე, მეირმეებზე, ცნობილი სერია „გაფრთხილება" და მისი ქვეყნისა და გამორჩეულად საყვარელი მხარის, ზღაპრადქცეული იმერეთის გრაფიკული ნამუშევრები.ქართველ გრაფიკოსს ხელოვნებათმცოდნეები გრაფიკული ჰიპერრეალიზმის გამორჩეულ წარმომადგენელსა და „ფანქრის ჯადოქარს" უწოდებენ.
გურამ დოლენჯაშვილი არაერთი მნიშვნელოვანი სამხატვრო ჯილდოს მფლობელია, არის რუსეთის სამხატვრო აკადემიის საპატიო აკადემიკოსი. დაჯილდოებულია საიმპერატორო აკადემიის ოქროს ჯვრის ორდენით „ხელოვნების მსახურებისათვის". ასევე არის საერთაშორისო კონკურსების მონაწილე და ლაურეატი, მათ შორის, ვარნის ბიენალეს პირველი პრემიის მფლობელი. მისი ნამუშევრები ინახება ევროპის, აზიის და ამერიკის ცნობილ გალერეებში და მუზეუმში.
გურამ დოლენჯაშვილის პერსონალური გამოფენა ბოლოს 1988 წელს „მხატვრის სახლში" გაიმართა. ოცდათორმეტი წლის ემიგრაციის შემდეგ კი მხატვრის რეტროსპექტივა ეროვნულ გალერეაში გამოიფინება.
გამოფენის გახსნა: 21 სექტემბერი, 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 21 სექტემბერი - 21 ოქტომბერი, 2020
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შ. რუსთაველის გამზ. 11.
გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია.
ჯანმრთელობის უსაფრთხოების ახალი რეგულაციების თანახმად, გთხოვთ, გაითვალისწინეთ, რომ ვიზიტორები დარბაზში ეტაპობრივად დაიშვებიან.
რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის: https://bit.ly/37KzzH8
ბილეთის ფასები: https://bit.ly/2YROZW0
*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე: Biletebi.ge
◆ გალერეა ღიაა 10:00-დან 17:30 საათამდე, სამშაბათიდან კვირის ჩათვლით.