https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ედმონდ კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენას ,,ფიქრი ფერით“

 03/07/2023

საქართველოს ეროვნული გალერეა ედმონდ კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ გამოფენას ,,ფიქრი ფერით“ უმასპინძლებს
დიმიტრი შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა და „ვანდა“ გალერეა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, წარმოგიდგენთ ედმონდ გაბრიელ კალანდაძის 100 წლისთავისადმი მიძღვნილ საიუბილეო გამოფენას „ფიქრი ფერით“.

პროექტის ფარგლებში, საქართველოს კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს ხელშეწყობით, მზადდება ედმონდ კალანდაძის საიუბილეო კატალოგი, რომლის პრეზენტაცია შემოდგომაზე გაიმართება.

გამოფენა გაიხსნება 7 ივლისის 19:00 საათზე და გაგრძელდება 2023 წლის 5 აგვისტომდე.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის 70-ამდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი, დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეისა და შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის ფონდებიდან, მხატვრის ოჯახისა და კერძო კოლექციებიდან.

ედმონდ კალანდაძემ გადამწყვეტი როლი ითამაშა 1950-იანი წლების ბოლოს, „დათბობის“ პერიოდში, ქართული ხელოვნების ახალი ეტაპის შექმნაში.

ის მხატვართა გამორჩეული თაობის წარმომადგენელი იყო; თაობისა, რომელიც მზად იყო მოეხდინა გადატრიალება ქართულ ფერწერაში. ედმონდ კალანდაძემ თავის თანამოაზრეებთან ერთად ცხადი გახადა ყოფიერების აღქმისა და მხატვრულ-გამომსახველობითი საშუალებების განახლების აუცილებლობა. მან შეითვისა, თავისი მსოფლმხედველობის პრიზმაში გაატარა კლასიკური თუ თანამედროვე ფერწერის მთავარი მიღწევები და შექმნა საკუთარი უნიკალური სტილი, განსაკუთრებული სამყარო, რომელიც, პირველ რიგში, ფერთან ასოცირდება. ფერი იყო მისი სამეტყველო ენა, ძიებისა და ემოციების გამოსახვის საშუალება.

ედმონდ კალანდაძის მზერა თითქოს განსაკუთრებულ კრისტალში გადატყდებოდა და ამგვარად რეალობას ისე ხედავდა, როგორც არავინ სხვა; შემოქმედის ეს ხედვა დღესაც მომნუსხველია. ნამუშევრების კოლორიტი და ფერის გამომსახველობითი ძალა ქმნის მის ტილოებს, გამოხატავს ხელოვანის იდეებსა და გრძნობებს, აღძრავს მნახველში ძლიერ ემოციებს და საშუალებას აძლევს სამყარო ახლებურად დაინახოს.

ედმონდ კალანდაძის შემოქმედებითი მემკვიდრეობა შთამბეჭდავად მრავალფეროვანია, მას შექმნილი აქვს ათასობით ნახატი, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი.
კალანდაძის ჟღერადი და ნათელი ხელოვნება არის სიყვარულის ჰიმნი საკუთარი სამშობლოსადმი, ერთ-ერთი ბრწყინვალე გვერდი საქართველოს ხელოვნების ისტორიაში.
გამოფენა „ფიქრი ფერით“ ეძღვნება ედმონდ კალანდაძის დაბადებიდან 100 წლისთავს და წარმოადგენს მისი შემოქმედების რეტროსპექტივას. ვფიქრობთ, რომ ექსპოზიცია, სადაც წარმოდგენილი იქნება მის ცნობილ ტილოებთან ერთად ის ნამუშევრები, რომლებსაც პირველად იხილავს ფართო საზოგადოება, შექმნის საუკეთესო შესაძლებლობას ედმონდ კალანდაძის ხელოვნების თაყვანისმცემლებისა და ახალგაზრდებისთვის ეზიარონ ამ გამორჩეული ფერმწერის უნიკალურ ხელოვნებას.

 

 

 

https://www.traditionrolex.com/9