Museum - მიმდინარე გამოფენები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

ეროვნული გალერეის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

 25/01/2016

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის მეორე სართულზე ოთხი საგამოფენო დარბაზი ეთმობა XX საუკუნის ქართული სახვითი ხელოვნების უმნიშვნელოვანესი ფიგურების, მხატვრების - ნიკო ფიროსმანაშვილის, დავით კაკაბაძის, ლადო გუდიაშვილის და მოქანდაკე იაკობ ნიკოლაძის შემოქმედებას. ნამუშევრები წარმოდგენილია საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის კოლექციიდან. 

დამთვალიერებელი გამოფენაზე იხილავს ნიკო ფიროსმანაშვილის 30 სურათს, რომელიც სრულად ასახავს ნიკო ფიროსმანაშვილის ჟანრობრივად და თემატურად მრავალფეროვან შემოქმედებას. ამ ექსპონატებიდან უმეტესობა სხვადასხვა წლებში გამოფენილი იყო საფრანგეთში, პოლონეთში, რუსეთში, ლიტვაში, ბელორუსიაში, იტალიაში, იაპონიაში, ჰოლანდიაში, ინგლისში, ესპანეთში, თურქეთში, თუ მსოფლიოს სხვა ქვეყნებში ორგანიზებულ ფიროსმანაშვილის საერთაშორისო გამოფენებზე, რომლებმაც ადგილი დაუმკვიდრეს მას XX საუკუნის უდიდეს მხატვრებს შორის.

დავით კაკაბაძის შემოქმედება ექსპონირებულია რეტროსპექტივით, შემოქმედების საწყის ეტაპზე შესრულებული სურათებიდან - 40-იანი წლების ჩათვლით. გამოფენა მოიცავს 1913 წელს შესრულებულ სურათს ,,ავტოპორტრეტი სარკესთან", ნამუშევრებს კოლაჟისა და აბსტრაქციის სერიიდან, სურათს ,,იმერეთი-დედაჩემი" და სხვა.

ლადო გუდიაშვილის შემოქმედებიდან კი გამოფენაზე წარმოდგენილია ადრეულ ეტაპზე და შემდეგ, პარიზში ყოფნისას შესრულებული სურათები. ექსპოზიცია გაჯერებულია გუდიაშვილის ცნობილი ძველი თბილისის სცენების ამსახველი ნამუშევრებით: „კინტოების ქეიფი ქალთან", ,,ქრისტინე", ,,სადღეგრძელო განთიადისას" და სხვა.

ცენტრალური დარბაზი ეთმობა თანამედროვე ქართული ქანდაკების ფუძემდებელს, იაკობ ნიკოლაძეს. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია მისი 6 ნამუშევარი, მათ შორის ქართული ქანდაკების საეტაპო ნამუშევრები „ქარი", „ქალიშვილი ჩრდილოეთიდან", „ჩახრუხაძე", ასევე ფოტომასალა მოქანდაკის სახლ-მუზეუმიდან და მის მიერ თბილისის მასშტაბით განხორციელებული პროექტები.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.