https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9https://www.traditionrolex.com/9 ?> https://www.traditionrolex.com/9
Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

არქეოლოგიური საგანძური

 05/06/2011

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას "არქეოლოგიური საგანძური".  ექსპოზიციაზე გაეცნობით  საქართველოში არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილ ოქრომჭედლობის ნიმუშებს, რომლებიც წარმოაჩენს ქართული კულტურის განვითარების გზას ძვ.წ.აღ. III ათასწლეულიდან ახ.წ.აღ. IV საუკუნემდე. 

დამთვალიერებელს საშუალება ეძლევა გამოფენაზე იხილოს ქართული ოქრომჭედლობის 600-ზე მეტი ნიმუში: ოქროსა და ვერცხლის სამკაულები - დიადემები, თავსამკაულები, სასაფეთქლეები, საყურეები, სამაჯურები, ძვირფასი თვლებით შემკული ყელსაბამები და ბეჭდები, აგრეთვე ოქროს, ვერცხლისა და მინის ჭურჭელი, მცირე ზომის ქანდაკებები, სარიტუალო დანიშნულების ნივთები, იარაღი და სხვა. 

ფართო საზოგადოება პირველად იხილავს ვანში, 2004 წელს აღმოჩენილ ძვ.წ.აღ. IV საუკუნით დათარიღებულ ვერცხლის სარტყელს, ბრინჯაოსა და რკინის ქანდაკებებს.

აღსანიშნავია, რომ ამ ექსპოზიციის ნაწილმა რამდენიმე წლის მანძილზე  იმოგზაურა მსოფლიოს წამყვან მუზეუმებში, სადაც  არნახული წარმატება ხვდა წილად. დღეს კი საზოგადოებას საშუალება ეძლევა გაეცნოს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის ამ უნიკალურ ნიმუშებს სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის განახლებულ საგამოფენო დარბაზში.

 დარბაზი აღჭურვილია საერთო კლიმატკონტროლის სისტემით, თითოეული ექსპონატისათვის შერჩეულია ინდივიდუალური განათება, ხოლო ნივთები განლაგებულია ექსპონატებისათვის სრულიად უსაფრთხო აკრილის მინაზე.
  სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმის შენობის სრული რეაბილიტაცია "ქართუ ჯგუფის" დახმარებით განხორციელდა. მუზეუმის სივრცეში შეიქმნა ახალი ტიპის საგამოფენო დარბაზები, საზოგადოებრივი სივრცე, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად განახლდა მუზეუმის ეზო და საცავები. 

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი. შოთა რუსთაველის გამზირი 3.

https://www.traditionrolex.com/9