არგონავტების ოქრო

04 მაისი 2010 – 20 ივნისი 2010

2010 წლის 4 მაისს ესპანეთში, ქალაქ სევილიის არქეოლოგიის მუზეუმში გაიხსნა გამოფენა სახელწოდებით "არგონავტების ოქრო", რომელზეც წარმოდგენილი იქნა საქართველოს ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდის ექსპოზიცია, ვანის აღმოჩენები.

ექსპოზიცია მოიცავდა ძვ.წ. VII-I საუკუნეებით დათარიღებულ ნივთებს. ესპანეთში გაიგზავნა ეროვნულ მუზეუმში დაცული 82 ექსპონატი: ოქროს, ვერცხლისა და კერამიკის ნიმუშები -დიადემები, სამაჯურები, ყელსაბამები, სამოსის სართავები, ფანტასტიკური არსებების ქანდაკებები; ასევე ვანის გათხრების უახლესი აღმოჩენები – ბრინჯაოს უნიკალური ჭრაქები, რაც აქამდე ჩვენთან არ ყოფილა აღმოჩენილი, ზოგიერთი ნივთი კი უნიკალურია მსოფლიო არქეოლოგიაში.

ესპანეთში ასეთი სახის გამოფენა საქართველომ პირველად მოაწყო. ეს ერთ-ერთი საუკეთესო ხერხი იყო იმისათვის, რომ ესპანეთმა და ევროპამ უფრო კარგად გაიცნონ საქართველო და მისი მდიდარი კულტურული მემკვიდრეობა. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ სევილიის არქეოლოგიური მუზეუმი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საგამოფენო სივრცეა ესპანეთში.

ნიშანდობლივია, რომ ამჟამად ესპანეთი არის ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანა და ყველა მნიშვნელოვანი (კულტურული და ეკონომიკური) ღონისძიება დაგეგმილია და ტარდება სწორედ ქალაქ სევილიაში.

გამოფენის ორგანიზატორები იყვნენ საქართველოს ეროვნული მუზეუმი, სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი, საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო, სორიას ჰერცოგთა კულტურის ფონდი (რომლის თავმჯდომარეა ინფანტა მარტარიტა) და “ხუნტა ანდალუსია” – ანდალუსიის საკრებულო.

სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი 1867 წელს შეიქმნა არქეოლოგიურ მუზეუმებზე დეკრეტის გამოცემის შედეგად, თავიდან მას სიძველეთა მუზეუმი ერქვა. ძირითადი კოლექცია შედგება იტალიკას გათხრების აღმოჩენებისგან, ფრანსისკო დე ბრუნას მიერ შეკრებილი მასალისგან და მოიცავს ღეალეს Aლცáზარეს–ის გალერეიდან გადატანილ ექსპონატებს.

თანამედროვე სახით მუზეუმი 1946 წელს გაიხსნა, იგი მოიცავს 8 საგამოფენო დარბაზს, ბიბლიოთეკას და ადმინისტრაციულ კორპუსს. 1962 წელს მუზეუმის შენობას და კოლექციებს მიენიჭა ხელოვნების და ისტორიული ძეგლის სტატუსი.

1970-იან წლებში მუზეუმს ჩაუტარდა რეორგანიზაცია, დაემატა 19 ახალი საგამოფენო დარბაზი. დღესდღეობით სევილიის არქეოლოგიურ მუზეუმს ყოველწლიურად უამრავი ადამიანი სტუმრობს და ესპანეთის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კულტურული ცენტრია.

მუზეუმის კოლექციებში დაცულია მიმდებარე ტერიტორიებზე გაბატონებული ცივილიზაციების: ფინიკიელთა, კართაგენელთა, რომაელთა და მოორების ქანდაკებები და მოზაიკა, არქიტექტურული, კერამიკის კოლექციები და მრავალი სხვა. მუზეუმი მდებარეობს ინფანტა მარია ლუიზას პარკში, რაც თავისთავად სევილიის ღირსშესანიშნავობას წარმოადგენს.

სევილიის არქეოლოგიის მუზეუმი ესპანეთის სახელმწიფოს კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული დაწესებულებაა და მას მართავს ანდალუსიის ავტონომიის მთავრობა.

ჩვენთვის წარმოდგენილი “ხელოვნების პავილიონი” გაიხსნა 1929 წელს იბეროამერიკული გამოფენით. რეფორმირებულია 1973 წელს.