საგანმანათლებლო პროგრამა-გამოფენა „სამურაი“

09 დეკემბერი 2010 – 20 იანვარი 2011

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმის ი. გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამას ,,სამურაი".

პროექტი მოიცავს იაპონელი სამურაისა და ხმლების (კატანას) გამოფენას. სამურაი წარმოდგენილია თოჯინების სახით. გამოფენილია ოცდაერთი თოჯინა _ სამურაი და ოცდაორი ხმალი. მასალა მოძიებულია საქართველოში კერძო კოლექციაში (კოლექციონერი გოგი კაკაშვილი).

პროექტი ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება: გამოფენა და საგანმანათლებლო პროგრამა, სადაც საჯარო სკოლის მოსწავლეებთან ერთად, მონაწილეობას სოციალურად დაუცველი ჯგუფები და მზრუნველობას მოკლებული ბავშვები მიიღებენ.

საგანმანათლებლო პროგრამის პირველი სტუმრები მზრუნველობას მოკლებული ბავშვები ორგანიზაცია "ბავშვი და გარემო"-ს დღის ცენტრიდან "ცისარტყელა"იქნებიან.

მონაწილეები გაეცნობიან ლეგენდებს, ისტორიას სამურაის და იაპონური ხმლის შესახებ; შესაძლებლობა მიეცემათ შეადარონ ყოველივე ეს საკუთარი ქვეყნის რაინდების ისტორიას. დახატავენ თემაზე ,,სამურაი". პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს, სრულიად განსხვავებულ კულტურასთან დავაახლოვოთ დამთვალიერებელი და პროგრამის მონაწილეები.

აღნიშნული პროექტი საახალწლო საჩუქარს წარმოადგენს, როგორც ბავშვებისთვის, ასევე უფროსებისათვის. ჩვენი მიზანია ცოდნის მიღებასთან ერთად განსაკუთრებული, სრულიად ახალი განწყობა შევუქმნათ მათ ამ ფერადი, შესანიშნავი სამყაროს გაცნობით.

მსგავსი სანახაობრივად მდიდარი, უნიკალური პროექტები ემოციურად მძაფრ და ნაირფეროვან სივრცესთან აახლოებს ადამიანებს, სამურაის და სარიტუალო ხმლის უჩვეულო სამყარო ერთნაირად საინტერესოა როგორც ბავშვებისთვის, ასევე ნებისმიერი დამთვალიერებლისთვის.