ჯარჯი და ანტონ ბალანჩივაძეების გამოფენა "დანახული ხიდთან"

24 დეკემბერი 2022 – 15 იანვარი 2023

ეროვნული გალერეა

2022 წლის 24 დეკემბრიდან 2023 წლის 15 იანვრის ჩათვლით დ. შევარდნაძის სახელობის საქართველოს ეროვნული გალერეა წარმოგიდგენთ ჯარჯი ბალანჩივაძის და ანტონ ბალანჩივაძის გამოფენას  "დანახული ხიდთან".  ექსპონირებული იქნება ჯარჯი ბალანჩივაძის 60 მდე ფერწერული ნამუშევარი, ანტონ ბალანჩივაძის, სპეციალურად ამ პროექტისთვის შექმნილი 40 ზე მეტი ტილო და ინსტალაცია. 
24 დეკემბერს, 17:00 საათზე, გამოფენის გახსნაზე შედგება ასევე ჯარჯი ბალანჩივაძის ფერწერული ნამუშევრების ალბომის პრეზენტაცია, რომელიც საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს შელშეწყობით და დაფინანსებით დაიბეჭდა საიუბილეო თარიღებთან დაკავშირებით.
დღევანდელი სამყაროსთვის ამ რთულ პერიოდში და ზამთრის იმ დღეებში, როდესაც ყველაზე გრძელი ღამეების რიგი დასასრულს უახლოვდება და სამყარო დღის მატების დასაწყისისა და შობის ბრწყინვალე დღესასწაულის მოლოდინშია - ადამიანთა დაკარგულობა, შიში, ტკივილი, მოლოდინები და იმედი, მათ უფრო და უფრო მეტად მარადიულ და საკრალურ სიმბოლო-ხატთა ჭეშმარიტ, ცხოველმყოფელ და ღრმა მნიშვნელობებზე აფიქრებს. ისინი სიხარულით და იმედით ელოდებიან  ახალს, რაც უკეთესი მომავლისა და ამაღლებული, განახლებული ადამიანის, ახალი სულიერი შინაარსის მაუწყებელი შეიძლება გახდეს. 
შობისა და აღდგომის დღესასწაულთა საიდუმლოების ღრმა კავშირი, წარსულისა და მომავლის, წასულებისა და ცოცხალ ადამიანთა კავშირები, ყველაფერი ეს იმგვარ "ხიდს" საჭიროებს, რომლის მეშვეობით აწმყო აენთება ადამიანისთვის როგორც არსებითი, ცოცხალი და სულიერად დამაკავშირებელი არსი,  შემოქმედებითად აქტიური და ცნობიერი წამი. 
გამოფენა "დანახული ხიდთან" არის მცდელობა, სწორედ ასეთი, "სხვადასხვა დაშორებული ნაპირის" იმგვარი ვიზუალური და ხატისმიერი შინაარსით, ფერწერული მიმართებებით და სხვ. დაკავშირებისა, სადაც "ხიდი"  - მხატვრისა და  დამთვალიერებლის შინაგან, ცოცხალ და ნებელობით, თავისუფალ აქტს გამოხატავდა... ხიდი აქ "სულიერი სიფხიზლის" იმგვარი მდგომარეობად მოიაზრება, სადაც მხატვრისა თუ დამთვალიერებლის პიროვნული და პირადი წარსულით დაგროვილი გამოცდილება, მოგონებები, ცოდნა, სათქმელი - აწმყოში ობიექტურად მიმდინარე სამომავლო განვითარების ჩანასახების გაცნობიერებისა და მათზე გარკვეული სახით დადებითად ზემოქმედების პიროვნულ სურვილად უნდა გადაიქცეს.