„ფხოვის ზარები“ - ილია პატაშურის გამოფენა

17 ნოემბერი 2021 – 17 დეკემბერი 2021

ეროვნული გალერეა

დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო წარმოგიდგენთ  ილია პატაშურის გამოფენას „ფხოვის ზარები“. გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ილია პატაშურის 120 ნამუშევარი (ფერწერა, გრაფიკა).  გამოიცა გამოფენის თანმხლები კატალოგი. 

1950-იან წლებში ერთ-ერთ გამოფენაზე ხელოვნებათმცოდნე რენე შმერლინგმა აღნიშნა: „მიხარია, რომ ნაცრისფერმა საღებავებმა დატოვეს ეს კედლები და მათზე ნამდვილი ფერები აელვარდნენ“. 1950-იანი, 1960-იანი წლების ქართულ ხელოვნებას ახასიათებს განზოგადების სურვილი. ამ განზოგადების მიღწევის საშუალება კი ფერისა და ფორმის განსაკუთრებული ფერწერული თანხმიერებაა. მხატვარი ილია პატაშური ამ პერიოდის წარმომადგენელია, რომელიც 1939 წელს ხევშაში დაიბადა და თუ მის შემოქმედებას გადავავლებთ თვალს, ნათელი გახდება, რომ ქართული მთის კოსმოგონია მუდმივად თან სდევს; თითქოს ის მუდმივად მითოლოგიზირებულ დროში ცხოვრობს. ასე იყო, როდესაც ბავშვობაში ნახშირით ქვის ლოდებსა და სახლის კედლებზე ხატავდა დევებს და ასეა ახლაც, მრავალი ათეული წლის შემდეგ, როდესაც ასრულებს აბსტრაქტულ ფერადოვან კომპოზიციებს. ილია პატაშურის შემოქმედება ჟანრულად მრავალფეროვანია, უმთავრესად, ესაა ტრადიციული ჟანრები, ისტორიული ჟანრი, ყოფითი სცენები, პეიზაჟი, პორტრეტი, ნატურმორტი. ისინი შესრულებულია ინტენსიურ ფერთა შეხამებით, ფერი არის მითოლოგემის გამომხატველი.

ყველა დროს თავისი წარსული აქვს, ეს კი ილია პატაშურის უნივერსალური წარსულია, რომელზეც მუდმივად ფიქრობს. ისტორიული ჟანრითვე ცდილობდა ილია პატაშური ფართო სამხატვრო ასპარეზზე გამოსვლას 1967 წელს, როდესაც სადიპლო თემად დავით აღმაშენებლის პორტრეტის შესრულება გადაწყვიტა. იმ ხანად საბჭოთა საქართველოში არსებულ ვითარებას მკაფიოდ სახავს ის ფაქტი, რომ სადიპლომო თემა მხოლოდ კონსტანტინე გამსახურდიას ჩარევით დამტკიცდა. ზოგადად, „ძლევაი საკვირველი“ მუდმივად აქტუალურია ილია პტაშურის შემოქმედებაში.

კურატორი: ლელა წიწუაშვილი

გამოფენის გახსნა: 17 ნოემბერი, 2021| 17:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 17.11.2021 - 17.12.2021     

მისამართი: დ.შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზირი 11.

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის