ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში

06 ოქტომბ. 2016 – 23 ოქტომბ. 2016

ეროვნული გალერეა

2016 წლის 6 ოქტომბერს, 19:00 საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გიწვევთ ირაკლი ბუგიანის გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში".

ირაკლი ბუგიანი გერმანიაში მოღვაწე ქართველი მხატვარია. ,,ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში" მისი პირველი პერსონალური გამოფენაა საქართველოში. გამოფენის სახელწოდება შერჩეულია ინგლისელი პოეტის, უილიამ ბლეიკის ლექსიდან - „To See a World in a Grain of Sand" („ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში"). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა დროს შექმნილი ფერწერული ტილოები, რომლებშიც ნათლად ისახება მხატვრის მისწრაფება მისტიციზმისკენ.

ირაკლი ბუგიანს მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ ჯგუფურ და პერსონალურ გამოფენაში. მათ შორისაა: Weltkunstzimmer, Hans-Peter-Zimmer Foundation, დუსელდორფი (2015); RichMix, ლონდონი (2015); Salon Des Amateurs, დუსელდორფი (2014); Kunsthalle Recklinghausen, რექლინგჰაუზენი (2013); საქართველოს ეროვნული მუზეუმი, თბილისი (2013); Glashaus, დუსელდორფი (2011); Atelier am Eck, დუსელდორფი (2009); Gallery Bourgeois Pig, ჰაიდელბერგი (2008); Gallery AZ, ზაგრები (2008) და ბევრი სხვა.

გამოფენა ორგანიზებულია Project ArtBeat-ის მიერ. პროექტის მიზანია ქართული ხელოვნების საერთაშორისო ასპარეზზე წარმოჩენა და საქართველოს რეგიონებში კულტურული აქტივობების მხარდაჭერა.

პროექტი ხორციელდება თბილისის მერიის კულტურული ღონისძიებების ცენტრის მხარდაჭერით.

გამოფენა "ხედავდე სამყაროს ქვიშის მარცვალში" 23 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

გამოფენის კურატორი: მულტიმედია არტისტი ლევან მინდიაშვილი.

მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, რუსთაველის გამზ. №11.