ჟანი მეძმარიაშვილის პერსონალური გამოფენა

16 დეკემბერი 2015 – 15 იანვარი 2016

ხელოვნების მუზეუმი

2015 წლის 16 დეკემბრიდან საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ მხატვარ ჟანი (ჟანგო) მეძმარიაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენაზე. 

ჟანი მეძმარიაშვილი (1925-1989) საქართველოს დამსახურებული მხატვარი, პედაგოგი და საზოგადო მოღვაწეა. ის იმ თაობის ("ორმოცდაათიანელებს") წარმომადგენელია, რომელსაც ქართული სახვითი ხელოვნების გარდატეხის ხანაში მოუწია შემოქმედების ასპარეზზე გამოსვლა. მათ პირველად აიმაღლეს ხმა თავისუფალი, ინდივიდუალური ხედვის და შემოქმედების უფლებაზე.

სხვადასხვა წლებში ჟანი მეძმარიაშვილი არჩეული იყო საქართველოს მხატვართა კავშირის თავჯდომარის მოადგილედ, მოგვიანებით დაინიშნა თბილისის ი. ნიკოლაძის სახელობის სასწავლებლის დირექტორად, სადაც ახალგაზრდა ქართველ მხატვართა არაერთი თაობა აღიზარდა.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება მხატვრის მიერ სხვადასხვა ჟანრში (პორტრეტი, პეიზაჟი, ნატურმორტი) შესრულებული 60-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი საქართველოს ეროვნული მუზეუმისა შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის და კერძო კოლექციებიდან.

ექსპოზიცია მოიცავს მხატვრის შემოქმედების ყველა ძირითად ეტაპს, დაწყებული სტუდენტობის პერიოდიდან (1940-იანი წლები) მოღვაწეობის ბოლო წლებამდე.  

მისამართი: შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. 1.