ოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა

11 მარტი 2005 – 11 მარტი 2006

საქართველოს მუზეუმი

2005 წლის 11 მარტს ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში წარმოგიდგენთ გამოფენას სახელწოდებით „ოქრომრავალი კოლხეთი - მითი და რეალობა". ექსპოზიციაზე წარმოდგენილი იქნება ვანში 2004 წელს აღმოჩენილი სამარხის ინვენტარი. სამარხი ძვ.წ IV საუკუნის 30-იანი წლებით თარიღდება.

1200-მდე აღმოჩენილ ოქროს ნივთს შორის აღსანიშნავია ცხოველთა გამოსახულებიანი თავსამკაული, სხვადასხვა ტიპის საყურეები და სასაფეთქლეები, ყელსაბამები, საკინძეები, საბეჭდავები, ჩიტების ფიგურებით შემკული გულსაბნევი, ქსოვილზე დასაკერებელი ფირფიტები. გარდა ამისა, ნაპოვნია 15 ათასამდე სხვადასხვა მძივი, თიხის, ვერცხლისა და ბრინჯაოს ჭურჭელი.

სამარხში აღმოჩენილ კოლხურ ნაკეთობებთან ერთად გვხვდება იმპორტული ნაწარმიც _ ვერცხლის სარტყელი, რომელზეც მრავალფიგურული კომპოზიციაა გამოსახული და ვერცხლისა და თიხის მოხატული ჭურჭელი.

აღმოჩენილ ნივთებს შორის ყველაზე გვიანდელია პანტიკაპეინის (ქერჩი) ვერცხლის მონეტა, რომელიც ძვ.წ 340-330 წლებით თარიღდება. სამარხის ქრონოლოგია სწორედ ამ ნივთით განისაზღვრება.

„მითი და რეალობა" პირველი გამოფენაა, რომელიც საქართველოს ეროვნული მუზეუმის ეგიდით ტარდება. წარმოდგენილი ექსპოზიცია არის იმის ცდა, რომ უახლესი არქეოლოგიური აღმოჩენები საზოგადოებას მიეწოდოს თანამედროვე სამუზეუმო სცენოგრაფიისა და ტექნოლოგიების გამოყენებით.

აღსანიშნავია, რომ გამოფენასთან ერთად საქართველოს ეროვნული მუზეუმი მოზარდებს სთავაზობს საგანმანათლებლო-სასწავლო ღონისძიებათა ციკლს. პროგრამის მრავალფეროვანი თემატიკა უკავშირდება საგამოფენო ექსპოზიციას. „არქეოლოგია - თავგადასალებიდან გაჩენილი მეცნიერების დარგი", „ვანი და მითი არგონავტების შესახებ", „მუზეუმი - განძსაცავი თუ ღია სივრცე შემეცნებისათვის", ეს არის არასრული სია იმ შემეცნებითი კურსებისა, რომლის მონაწილეც შეუძლია გახდეს ნებისმიერი დაინტერესებული ქართული და არაქართულენოვანი მოზარდი.