შეიცანი იაპონია

28 მარტი 2011 – 12 აპრილი 2011

ხელოვნების მუზეუმი

2011 წლის 28 მარტს 15.00 საათზე შ. ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში,  საქართველოს ეროვნული მუზეუმი თავისუფალი უნივერსიტეტთან თანამშრომლობით წარმოგიდგენთ გამოფენას “შეიცანი იაპონია”. 

დამთვალიერებელს პირველად ეძლევა საშუალება იხილოს ეროვნულ მუზეუმში დაცული იაპონური ხელოვნების იშვიათი ნიმუშები.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილია იაპონური ხელოვნების განვითარების გვიანდელი პერიოდის XVIII – XX სს. ამსახველი 150 ნივთი. მათ შორისაა: ტიხრული მინანქარისა და ფაიფურის ჭურჭელი, სპილოს ძვლის ნაკეთობები, საბრძოლო აღჭურვილობა, სარიტუალო დანიშნულების რელიგიური ნივთები, ჩაის ცერემონიალისთვის განკუთვნილი ჭურჭელი, სათამაშოები, სამოსის დეტალები და სხვა.

საქართველოს ეროვნულ მუზეუმის იაპონური კოლექციის დიდი  ნაწილი კავკასიის მუზეუმის, საქართველოს ეროვნული გალერეის, მუზეუმ “მეტეხის,” წერა-კითხვის გამავრცელებელი, საისტორიო საეთნიოგრაფიო საზოგადოების კოლექციათა ბაზაზეა შექმნილი, რასაც XX საუკუნის შუა წლებიდან კერძო კოლექციონერებისა და სახელმწიფო შესყიდვების გზით შემოსული ექსპონატებიც დაემატა. 

გამოფენაზე წარმოდგენილი კოლექციის დარგობრივი და ჟანრული  მრავალფეროვნება საშუალებას გვაძლევს თვალი გავადევნოთ იაპონური ხელოვნების განვითარების გრძელ გზას. დავინახოთ მისი მკვეთრად გამოხატული ინდივიდუალური ხასიათი და განსაკუთრებით შთამბეჭდავი მხატვრული ესთეტიკა. 

თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობით გამოფენის პარალეურად ნაჩვენები იქნება იაპონურ ტრადიციული რიტუალი - შოდო - იაპონური კალიგრაფიის ხატვა. ასევე, საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში სკოლის  მოსწავლეებს ჩაუტარებებ პრეზენტაციებსა და გააცნობენ იაპონურ კულტურასა და ტრადიციებს.

საქართველოს ეროვნული მუზეუმი მწუხარებას გამოთქვამს იაპონიაში განვითარებული სტიქიური უბედურების გამო და თანაგრძნობას უცხადებს იაპონელ ხალხს.