ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრების გამოფენა

17 სექტემბ. 2014 – 31 ოქტომბ. 2014

სიღნაღის მუზეუმი

2014 წლის 17 სექტემბერს, 15:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი გიწვევთ ნიჭიერი მხატვარ კერამიკოსის, ვაჟა მოსულიშვილის (1961-1985) ნამუშევრების გამოფენაზე.

ვაჟა მოსულიშვილი დაიბადა სიღნაღის რაიონის ქალაქ წნორში. სწავლობდა მოსე თოიძის სახელობის პროფტექნიკურ სასწავლებელში. 1982 წელს მუშაობას იწყებს სიღნაღის რაიონის სოფელ ბოდბისხევის კერამიკულ ქარხანაში მძერწავ-მემოდელედ და ემზადება სამხატვრო აკადემიაში ჩასაბარებლად. 1984 წლის 6 ივნისს ვაჟა მოსულიშვილს მიენიჭა საქართველოს დამსახურებული სახალხო ოსტატის წოდება.

ხანმოკლე სიცოცხლის მიუხედავად მან 100-ზე მეტი ნამუშევარი შექმნა და ამით უკვდავყო თავისი სახელი. ავტორის შემოქმედების ძირითადი განმსაზღვრელი თიხა იყო, რომელსაც თავისი უკვდავი სული შთაბერა. ვაჟა მოსულიშვილმა შეძლო ზღაპრული და მითოლოგიური პერსონაჟების, ფანტასტიკური ცხოველების თუ გმირის შინაგანი სულიერი სამყაროს წარმოჩენით ახალი, ორიგინალური სიტყვა ეთქვა ქართულ კერამიკაში.

სიღნაღის მუზეუმში მისულ სტუმრებს საშუალება მიეცემათ, ნათლად აღიქვან თიხის დეკორატიულობა, ხაზის სისადავე, პლასტიკურობა, პერსონაჟების ფსიქოლოგიური ასპექტები, სტილი და ფორმები, რაც ასე მნიშვნელოვანია ქართულ კერამიკაში.

ვაჟა მოსულიშვილის ნამუშევრების გამოფენა 31 ოქტომბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიული მუზეუმი, ქ.სიღნაღი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8.