ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022

10 აგვისტო 2022 – 10 სექტემბ. 2022

ეროვნული გალერეა

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის შევსება ახალშეძენილი ნამუშევრებით საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ არაერთი ათეული წლის შემდეგ მხოლოდ 2021-2022 წლებში შეძლო. საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ეს გახლავთ 113 ქართველი მხატვრის ნამუშევრები, რომლებსაც მანამდე არ ფლობდა მუზეუმი ან არასაკმარისად იყო იქ წარმოდგენილი. ახალი კოლექცია წარმოაჩენს ქართული სახელოვნებო სივრცის განვითარების შთამბეჭდავ სურათს: აქაა ე.წ. 1950/1970-იანელ მხატვართა გრაფიკის ახალი კოლექცია. ნამუშევრების შესაძენად არჩევანი შეჩერდა მხატვრებზე, რომლებმაც თავიანთი შემოქმედებით თვალსაჩინო წვლილი შეიტანეს ეროვნული გრაფიკული ხელოვნების განვითარებაში (შერჩევის პროცესს ხელმძღვანელობდა მარიამ გაჩეჩილაძე); კოლექციაში მოხვდა სიღნაღის მუზეუმში გამართულ ნონკონფორმისტ მხატვართა პირველი ჯგუფური გამოფენიდან შეძენილი ნამუშევრებიც; ასევე შესყიდულ იქნა მოდერნისტი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, 1930-იან წლებში შექმნილი ნამუშევრები, მათ შორის, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები. უკვე 2022 წელს შესაძლებელი გახდა დიდი ქართველი მხატვრის, სერგო ქობულაძის, 73 ნამუშევრის შეძენაც. ახალ კოლექციაში ასევე მოხვდა იმ ავტორთა საჩუქრად გადმოცემული სურათები, რომელთა გამოფენები გაიმართა 2021 წლის ოქტომბრიდან დღემდე ეროვნულ გალერეაში. 

ამას გარდა, უმნიშვნელოვანესი იყო ე.წ. 1980/1990-იანელთა თაობის მხატვართა ფერწერული სურათების შესყიდვა. ეს ქრონოლოგიური მონაკვეთი ქართულ მხატვრობაში გარდატეხის ხანად და ახალი ეტაპის დასაწყისად ითვლება. 1980-იანი წლების დასაწყისში „ახალგაზრდა მხატვართა მიერ პირველად გაცხადდა, რომ მხატვრობა გაცილებით მეტია არსებულ დოგმატურ ჩარჩოებში მოქცეულ წარმოდგენაზე მის შესახებ: პირველად გაჩნდა სურვილი მხატვრობის ენით, მისი მეშვეობით გაცილებით მეტის გამოსახვისა, ვიდრე „ფერწერული” პრობლემატიკით მანიპულირება იყო”, - წერდა კარლო კაჭარავა. ამასთან, 1990-იანი წლები საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი დრამატულია, რის გამოც საკმაოდ რთული აღმოჩნდა იმის რაციონალურად გადააზრებაც კი, სად ვიმყოფებოდით, თუმცა, დაშლილი სისტემის ყოფილ ცენტრებში უმძიმესი სოციალური ფონის პირობებში არტისტული აქტივობები არ შეფერხებულა და მაინც მიმდინარეობდა. 90-იან წლებში შემოქმედებით ასპარეზზე გამოსული მხატვრები „ბოლო საბჭოთა თაობის“ მხატვრები აღმოჩდნენ. ამიტომ ამ ხელოვანთა ნამუშევრების შესყიდვით გვსურდა ამ მრავალმხრივ რთული პერიოდის ქართული არტსცენის ნიმუშთა განთავსება სამუზეუმო სივრცეში. ეს, ერთი მხრივ, მადლიერების გამოხატვაა მხატვართა მიმართ, რომლებსაც არ შეუწყვეტიათ მუშაობა იმ უმძიმეს დროსაც კი და, მეორე მხრივ, თავისებური დემონსტრირებაა ევროპაში ინტეგრირების თანდათანობითი და არცთუ მარტივი პროცესისა, რომელიც საუკუნოვანი იზოლაციიდან თავდაღწევის შემდეგ საკმაოდ ფორსირებულად მიმდინარეობდა და მიმდინარეობს... ამასთან, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, აჩვენებს უკვე უშუალოდ ქართულ სივრცეში მიმდინარე რეფლექსიასაც. ამ კოლექციის მეშვეობით წარმოდგენილი ქართული მხატვრობის სპექტრი ინდივიდუალურ არტისტულ არჩევანთა კრებულია, რომელიც გვაძლევს საშუალებას, გავიგოთ, რომელი გზა აირჩია თითოეულმა მხატვარმა ლოკალური კონტექსტის შეზღუდვების გადასალახავად, საკუთარი გამოცდილების დასაკავშირებლად თანამედროვე ტენდენციებთან. 

შალვა ამირანაშვილის სახელობის საქართველოს ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმის ახალი და თანამედროვე ქართული ხელოვნების ფონდის ახალი კოლექციის ექსპონირება (722 ნამუშევარი) ეტაპობრივად მოხდება. ამ გამოფენის პარალელურად ახალი კოლექციიდან ვალერიან სიდამონ-ერისთავის ნამუშევრების გამოფენა მიმდინარეობს სიღნაღის მუზეუმშიც. 

პროექტის ხელმძღვანელი ალექსანდრა გაბუნია

გამოფენის გახსნა: 10 აგვისტო, 2022 | 16:00 გამოფენის ხანგრძლივობა: 10 აგვისტო - 10 სექტემბერი, 2022 

10 აგვისტოს, 16:00 საათზე ასევე  გაიმართება კატალოგის - ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია, 2021-2022. პრეზენტაცია. 

მისამართი: დ. შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, 

შოთა რუსთაველის გამზირი 11.