ვალერიან სიდამონ-ერისთავი ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციიდან

02 აგვისტო 2022 – 15 სექტემბ. 2022

სიღნაღის მუზეუმი

ვალერიან სიდამონ-ერისთავი ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექციიდან 

2021 წელს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ შეიძინა გამოჩენილი ქართველი მხატვრის, ვალერიან სიდამონ-ერისთავის, 1930-იან წლებში შექმნილი 425 ნამუშევარი, მათ შორის, ბაქოს ინდუსტრიული ზონის მშენებლობის ამსახავი ფერწერული ტილოები და გრაფიკული ჩანახატები, ასევე სხვა თემატიკის ფერწერული და გრაფიკული ნამუშევრების სერიები. მათში სიდამონ-ერისთავმა საქართველოში წითელი არმიის შემოჭრა და გასაბჭოება არსობრივად განსხვავებულად ასახა. ამისთვის მან XIX საუკუნის დასასრულსა და XX საუკუნის დასაწყისში აქტუალურ რუსულ ნეორომანტიზმს მიმართა. ეს იგრძნობა მის პორტრეტებშიც, თუმცა ე.წ. ბაქოს პერიოდის ნამუშევრებში შეიმჩნევა გეომეტრიული ელემენტების გარკვეული სიჭარბე. ამ კოლექციაში მას აქვს რელიგიურ თემებზე შესრულებული გრაფიკული ჩანახატები და სხვა ნამუშევრებიც, რომლებშიც საბჭოური რეჟიმის მიმართ შეფარვით მაინც მჟღავნდება მისი კრიტიკული დამოკიდებულება. 

გამოფენისთვის შერჩეულ იქნა ვალერიან-სიდამონონ ერისთავის ჟანრობრივად მრავალფეროვანი კოლექცია, სულ  22 ნამუშევარი. მათ შორის: „წითელ ცხენოსანთა შეტევა“, „კრწანისის ბრძოლა“, „წითელი მთესველები“, „კავკასიელთა დრუჟინა“, ორი ავტოპორტრეტი, უცნობი ქალის პორტრეტი, „გასეირნება საფუტკრეში“ და სხვა. 


გამოფენა ტარდება „ხელოვნების მუზეუმის ახალი კოლექცია - 2021-2022“ დაგეგმილი გამოფენების ფარგლებში. 


ვალერიან სიდამონ-ერისთავი

(1889-1943)

ვალერიან სიდამონ-ერისთავი ქართული მოდერნიზმის მნიშვნელოვანი ფიგურა – დარგობრივი და ჟანრული მრავალფეროვნებით გამორჩეული მხატვარია. დიდია ვალერიან სიდამონ-ერისთავის წვლილი ქართულ ხელოვნებაში ისტორიული ჟანრის ფერწერის, კინომხატვრობისა თუ სცენოგრაფიის ისტორიისთვის. XX საუკუნის 20-იან წლებში კოტე მარჯანიშვილი სწორედ ვალერიან სიდამონ-ერისთავს იწვევს თეატრში სამუშაოდ და, ფაქტობრივად, ასე იწყება ქართული პროფესიული თეატრის მხატვრობის ისტორია. შემდგომ იგი საოპერო დადგმების გამფორმებლადაც გვევლინება... მას „საბჭოთა კინოხელოვნების პიონერსაც“ უწოდებენ. სამშობლოს გასაბჭოების შემდეგ, სხვა მხატვართა მსგავსად, ვალერიან სიდამონ-ერისთავსაც მოუწია იდეოლოგიური რეჟიმისთვის ხარკის გაღება. ე.წ. სოცრეალიზმს ის განსაკუთრებული „ხმამაღალი“ ფერებით ახმოვანებს, ხაზგასმულად სანახაობრივი და დადგმულია ეს ნამუშევრები, სარკაზმნარევი და ირონიულია მათში ასახული საბჭოური რეალობა.

გამოფენის გახსნა: 2 აგვისტო,2022 | 14:00

გამოფენის ხანგრძლივობა: 2 აგვისტო, 2022 - 15 სექტემბერი,  2022

მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8,  სიღნაღი