ბოლნისის მუზეუმის მუდმივმოქმედი ექსპოზიცია

23 ივლისი 2020 – 23 ივლისი 2025

ბოლნისის მუზეუმი

ბოლნისის განახლებულ მუზეუმში კლასიკური სამუზეუმო მეთოდიკითა და თანამედროვე ტექნოლოგიების სინთეზით წარმოდგენილია რეგიონის ბიო-კულტურული მრავალფეროვნების ისტორია და მისი კავშირი გლობალურ პროცესებთან.

მუზეუმის ექსპოზიცია წარმოაჩენს ქვემო ქართლის ისტორიას, რეგიონის უნიკალურობას და საქართველოს როგორც მსოფლიოს ერთიანი სისტემის ნაწილს მრავალი მიმართულებით: რეგიონის ბუნების მრავალფეროვნება, ადრეული ჰომინიდები, უძველესი მიწათმოქმედება, უძველესი მეტალურგია, ადრეული დამწერლობა - ქართული დამწერლობის საფუძვლები და ქრისტიანული კულტურის ისტორია.

დამთვალიერებელი გაეცნობა 200 წლის წინ სამხრეთ გერმანიიდან საქართველოში ჩამოსახლებული გერმანელების ისტორიას, და ასევე, ზოგადად, ქვემო ქართლს, როგორც მულტიკულტურულ რეგიონს, სადაც ქართველებთან ერთად ცხოვრობდნენ სომხები, აზერბაიჯანელები, ოსები, ბერძნები, რუსები, გერმანელები და სხვ.

საექსპოზიციო სივრცეებში სამეცნიერო მნიშვნელობის არქეოლოგიური მასალა და ხელოვნების ნიმუშები საქართველოს ეროვნული მუზეუმის კოლექციებიდან და ბოლნისის მხარეთმცოდნეობის მუზეუმიდან არის წარმოდგენილი. 

მისამართი: ბოლნისი, დ. აღმაშენებლის ქ. 48 ა