ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი
Share

დაგეგმეთ თქვენი ვიზიტი საქართველოს ეროვნულ მუზეუმში

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი

სამუშაო საათები

სამშაბათი-კვირა | 10:00-დან 18:00 საათამდე.

მუზეუმში ბოლო ვიზიტორი დაიშვება 17:30 საათზე.

არასამუშაო დღეები: ორშაბათი და ოფიციალური დასვენების დღეები. 


 


გარდერობი

დამთვალიერებლებს შეუძლიათ ისარგებლონ მუზეუმის უფასო გარდერობით და ჩააბარონ:

  • პალტოები და სხვა ზედა ტანსაცმელი
  • ქოლგები
  • სამგზავრო ან დიდი ზომის ჩანთები და ზურგჩანთები 
  • მოტოციკლის მუზარადები
  • მუსიკალური ინსტრუმენტები

ხელჩანთების (უდიდესი ზომა - A3) შეტანა გამოფენებზე დასაშვებია. სადავო შემთხვევაში, გადაწყვეტილებას იღებს მეთვალყურე.

გარდერობი არ იბარებს:

  •  ფულს, დოკუმენტებს და საიდენტიფიკაციო დოკუმენტებს
  •  ჩეკის წიგნაკებსა და საკრედიტო ბარათებს
  •  ძვირფას ნივთებს
  •  ხელჩანთებს

ამ წესის დაუცველობის შემთხვევაში მუზეუმი არ აგებს პასუხს ნივთების დაკარგვის ან დაზიანების გამო.
გარდერობში ჩაბარებული ნივთები დამთვალიერებელმა უნდა დაიბრუნოს იმავე დღეს მუზეუმის დაკეტვამდე. თუ ნივთს იმავე დღეს არ მოაკითხავენ, ის ჩაითვლება დაკარგულად. ჩაბარებული ნივთების დაკარგვა დაუყონებლივ, მუზეუმიდან გასვლამდე, უნდა ეცნობოს გარდერობის პერსონალს.


რჩევები და წესები

  • ბოლო ბილეთი გაიყიდება მუზეუმის დაკეტვამდე 30 წუთით ადრე. საგამოფენო დარბაზებს ვიზიტორები ტოვებენ მათ დაკეტვამდე 10 წუთით ადრე
  • 12 წლამდე ასაკის ბავშვებს უნდა ახლდეთ მშობლები ან ზრდასრული,  პასუხისმგებელი პირი
  • აღმზრდელები, მასწავლებლები და ჯგუფის ხელმძღვანელები პასუხისმგებელი არიან მათი თანმხლები ბავშვებისა და ახალგაზრდების  საქციელზე
  • დაუშვებელია:მუზეუმში სირბილი, ხმაური, სიგარეტის მოწევა, ბავშვის კისერზე შესმა და მუზეუმის ისე დათვალიერება
  • ჭამა ან დალევა დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის კაფეში ან მუზეუმის ეზოში განთავსებულ ტერასაზე
  • დამთვალიერებელთა ჯგუფის თითოეული წევრი უნდა იმყოფებოდეს  ჯგუფის ხელმძღვანელის შორიახლოს. ხელმძღვანელი პასუხიმგებელია მათს საქციელზე
  • მუზეუმის ადმინისტრაციის წერილობითი ნებართვის გარეშე დაუშვებელია ხელოვნების ნიმუშების საგამოფენო დარბაზებში კოპირება
  • დამთვალიერებელმა ბილეთი უნდა შეინახოს ვიზიტის ბოლომდე და მოთხოვნის შემთხვევაში ხელახლა წარუდგინოს შესაბამის პირს
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის მიერ გაცემული ბილეთი უკან არ დაიბრუნება და არ გაიცვლება
  • დამთვალიერებლები რომლებით სარგებლობენ შეღავათიანი ტარიფით ან უფასო შესვლის უფლებით, ბილეთების დახლთან უნდა წარადგინონ შესაბამისი საბუთი
  • საქართველოს ეროვნული მუზეუმის საზოგადოებრივსა და საგამოფენო სივრცეებში აკრძალულია შეტანა:
  • ქიმიური და ტოქსიკური ნივთიერებების
  • საბრძოლო იარაღის
  • საკვებისა და სასმელი ბოთლების
  • სახიფათო,  ბასრი, ძალიან მძიმე  და დიდი ზომის ნივთების
  • ხელოვნების ნიმუშების, ხელოვნების ნიმუშის ნებისმიერი ტიპის რეპროდუქციისა ან მულაჟის
  • სკუტერების, სკეიტბორდების და ველოსიპედების
  • ცხოველების

ფოტო და ვიდეო გადაღება

  • მუზეუმის შენობასა და მუდმივ ექსპოზიციებში კერძო მიზნებისთვის  ფოტოგადაღება ნებადართულია ბლიცისა და ფოტოშტატივების გამოყენების გარეშე
  • ფოტო და ვიდეოგადაღება დროებით გამოფენებზე კატეგორიულად  დაუშვებელია
  • გადაღება კომერციული მიზნებისთვის დასაშვებია მხოლოდ მუზეუმის ხელმძღვანელობასთან ან კომუნიკაციის სამსახურთან წინასწარი შეთანხმებისა და წერილობითი ნებართვის საფუძველზე
  • ნებისმიერი ჩანაწერი ან ფოტო, სადაც შესაძლოა გამოჩნდეს მუზეუმის თანამშრომელი, საჭიროებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის ადმინისტრაციისა და გადაღების მონაწილე მხარეების თანხმობას

მაღაზია

გამოფენების დათვალიერების შემდეგ მუზეუმის მაღაზიაში თქვენი ოჯახის
წევრებსა თუ მეგობრებთან ერთად შეგიძლიათ შეიძინოთ სასუვენირო ნივთები, წიგნები, გამოფენის კატალოგები, სამკაულები, აქსესუარები და სხვ.


საკონტაქტო ინფორმაცია

ფოთი, 26 მაისის ქუჩა #9 | ნიკო ნიკოლაძის კოშკი - რუსთაველის რკალი #4.     
ტელ.: + (995 32) 23 24 48
ფაქსი: +(995 32) 298 21 33
ელ-ფოსტა: info@museum.ge

Share

ქალაქი ფოთი მდებარეობს კოლხეთის დაბლობის ინტენსიურად აღმოსავლეთ ნაწილსა და შავი ზღვის სანაპიროზე. ფოთს სამხრეთით ეკვრის პალიასტომის ტბა, სადაც ჩამოედინება საქართველოში ერთ–ერთი წყალუხვი მდინარე რიონი, რომელმაც დიდი როლი ითამაშა ამ მხარის განვითარებაში.

მუზეუმი ფოთში დაარსდა 1933 წელს, ცნობილი თვითნასწავლი არქეოლოგისა და საზოგადო მოღვაწის ბესარიონ გოგოლიშვილის  ხელმძღვანელობით.

ფოთის კოლხური კულტურის  მუზეუმი  წარმოდგენილია ორი კაპიტალური შენობით. ერთი  მდებარეობს  26 მაისის ქ. N9-ში. აშენებულია 1907 წელს გერმანელი არქიტექტორის ედმუნდ ფრიკის მიერ და მას  მინიჭებული აქვს  კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი. ხოლო მეორე შენობა,  ე.წ. ნიკო ნიკოლაძის კოშკი,  მდებარეობს რუსთაველის რკალი N4-ში. ის არის ქალაქის უძველესი ნაგებობა, რომელიც დაშენებულია თურქული ციხისგალავნის კედელზე და მას ასევე აქვს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი.

2019 წლიდან ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმი შევიდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემადგენლობაში.

 

***   

„ თუ როგორ სახელგანთქმული იყო ძველად ეს
ქვეყანა, ამას მოწმობს თქმულებები ჯერ ფრიქსეს
და შემდეგ იაზონის ლაშქრობაზე... ამ ქვეყნის
სიმდიდრე ოქროთი, ვერცხლით, სპილენძითა
და რკინით გვიხსნის ამ ლაშქრობათა ნამდვილ   მიზეზებს...“

ასე წერდა ძველი სამყაროს უდიდესი მეცნიერი - ბერძენი გეოგრაფი  და ისტორიკოსი სტრაბონი კოლხეთზე, რომელსაც ელინურმა სამყარომ უძღვნა თავისი ერთ-ერთი ყველაზე სახელგანთქმული მითი არგონავტების ლაშქრობაზე ოქროს საწმისისათვის.

არქეოლოგიური კვლევა-ძიება თანდათანობით მიწის საფარველქვეშიდან ამზეურებს ძველი კოლხეთის კულტურისა და მისი ისტორიის სულ ახალ და ახალ ფურცლებს. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში წარმოდგენილი ექსპოზიცია წარმოაჩენს ძვ. წ. III-II ათასწლეულების მაღალგანვითარებულ ბრინჯაოს კულტურას, რომლის წიაღში აღმოცენდა ანტიკური ეპოქის კოლხეთის თვითმყოფადი და ბრწყინვალე კულტურა. კოლხური კულტურის წრე საკმაოდ ვრცელ ტერიტორიას მოიცავდა. იგი გავრცელებული იყო აღმოსავლეთ შავიზღვისპირა ზოლსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე. მუზეუმის საგამოფენო დარბაზებში  წარმოდგენილია ძველი კოლხეთის ზღვისპირეთსა და მის მიმდებარე ტერიტორიაზე-ისტორიული ოდიშისა და სამურზაყანოს მიწა-წყალზე აღმოჩენილი არქეოლოგიური ძეგლები (ანაკლია, ფიჩორი, ერგეტა, დღავბა, ნიგვზიანი, ურეკი, საქორქიო,  ყულევი, პალიასტომის ტბა). 

  მუზეუმში მრავლადაა წარმოდგენილი  გვიან ბრინჯაოს ადრე რკინის ხანის კოლხური კულტურის ბრინჯაოს  მრავალფეროვანი სამეურნეო და საბრძოლო იარაღი (ცული, თოხი, შუბისპირი). სხვადასხვა ზომისა და ფორმის საყოფაცხოვრებო დანიშნულების კერამიკული ჯამ–ჭურჭელი, რომლებიც II-I ათასწლეულს განეკუთვნებიან. ეს არის პერიოდი, როდესაც ყალიბდება გვიანი ბრინჯაოს ხანის კულტურა, ბრინჯაოს მრავალფეროვანი სამეურნეო და საბრძოლო იარაღი (ცული, თოხი, შუბისპირი), აქვეა გამოფენილი ყალიბები, ცულები, ისრისპირები (კაჟის),სხვადასხვა შეფერილობის  თიხის ჭურჭელი. ამ პერიოდის სამარხებში გვხვდება ქვის ნივთბი, ყალიბები, ლულოვანი ძვლის ნატეხები, შესანიშნავად დამუშავებული კვირისთავები. კერამიკა შედგება ორი დიდი ჯგუფისაგან: სუფრისა და სამზარეულო ჭურჭლისაგან.

 ბერძნული კოლონიზაციის დაწყებამდე  შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპირო ზოლზე ფიქსირდება მძლავრი დემოგრაფიული აფეთქება, რასაც მოწმობს არქეოლოგიური კვლევა–ძიების შედეგად  გამოვლენილი სამაროვნები, ლითონის განძები, წარმოების ნაშთები. მთელ კოლხეთშია აღმოჩენილი სადნობი ქურა–სახელოსნო.

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმშია წარმოდგენილი  კოლხურ სამარხებში ნაპოვნი მრავალფეროვანი  და მრავალრიცხოვანი  სასოფლო სამეურნეო იარაღი,  რომელიც  ძვ.წ.VIII-VII სს-ით თარიღდება.ერგეტასა და დღაბაში აღმოჩენილია რკინის საომარი ცულები, მახვილები, სატევრები, შუბი, ისრისპირები, თოხები, სეგმენტი იარაღი, ნამგლები და დანები. ლითონის დამუშავების ზრდამ ბრინჯაოს წარმოება უფრო შეამცირა. ამ პერიოდში ბრინჯაოს  ნივთებს უფრო მეტად რიტუალური ფუნქცია ჰქონდათ. ამ სამარხებშია  ბრინჯაოსაგან დამზადებული  სამკაულები, აბზინდები, საკინძეები. ფართოდ ვითარდება ბრინჯაოს მხატვრული დამუშავება. არქეოლოგიური გათხრებისას აღმოჩენილია გრავირებული და მცირე ზომის რიტუალური ცულები.

 ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებში დამზადებული ჭურჭელი გამოირჩევა ფორმებისა და ორნამენტის სინატიფით. გვხვდება მრავალრიცხოვანი და მრავალფეროვანი ქვევრები, დერგები, ნაირსახოვანი დოქები, სამისები, ჯამები, ფიალები, სუფრისა და საღვინე დეკორატიული ჭურჭელი. მათი  შესანიშნავი ნიმუშები წარმოდგენილია მუდმივმოქმედ ექსპოზიციაში.

ბერძნულ სამყაროსა და კოლხეთს შორის რეგულარული ურთიერთობა ე.წ. ბერძნული კოლონიზაცია ძვ. წ. VII საუკუნიდან იწყება. მუზეუმში ექსპონირებულია ბერძნულ-კოლხური სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობის დამადასტურებელი არტეფაქტები სიმაგრის გორიდან რომელიც თარიღდება ძვ.წ.VI საუკუნით. 

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ექსპოზიციას  განსაკუთრებულ ხიბლს სძენს ძვ.წ. VI ს-ით დათარიღებული ბრინჯაოს  ზოომორფული ფიგურები: ხარის, ფრინველის, გველეშაპის და სხვ. განსაკუთრებით შთამბეჭდავია ბრინჯაოს ფიგურა ნაყოფიერების ქალღმერთი  „ღმერთების დიდი დედა“, ცხენზე ამხედრებული ქალის ფიგურა დ სხვ.

 ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში თავმოყრილი და ექსპონირებულია  რიონის ქვემო წელსა და შავი ზღვის სანაპირო ზოლზე აღმოჩენილი არტეფაქტები. იგი  სრულ წარმოდგენას უქმნის გვიანბრინჯაო ადრე რკინის ხანის  კოლხურ კულტურითა და  ბერძნულ-კოლხური სავაჭრო-ეკონომიური ურთიერთობებით დაინტერესებულ მკვლევრებსა და მუზეუმის  ვიზიტორებს.

არქეოლოგთა, ასევე დიდ ინტერეს იწვევს უნიკალური „კოლხიდის ისტორიული ძეგლების რუკა“, რომელიც 1942 წელს  მუზეუმის დამაარსებლის ბესარიონ გოგოლიშვილის მიერ არის შედგენილი და რომელზეც  თითქმის სრულად არის აღნიშნული   იმ დროისათვის არსებული სხვადასხვა ტიპის ძეგლები.

ნასახლარებიდან ჩანს, რომ კოლხეთის ნესტიანი ჰავის პირობებში, არქიტექტურაში ხეს წამყვანი ადგილი ეკავა. ძირითადად გავრცელებული ყოფილა ჯარგვალური არქიტექტურა. ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმში დაცულია ჯარგვალური არქიტექტურის ნიმუში, საცხოვრებელი სახლი ე.წ. “ჯარგვალი“- სოფ.ეკიდან, რომელიც  XIX  საუკუნით თარიღდება.

ფოთის კოლხური კულტურის მუზეუმის ნუმიზმატიკის მრავალრიცხოვან ფონდში ინახება სხვადასხვა მონეტები, მათ შორის: ლისიმაქეს სტატერი, ალექსანდრე მაკედონელის, ბიზანტიის იმპერატორ იუსტინიანეს, რუსეთის იმპერატორ ელისაბედ პირველის სახელობის  და სხვა.

ხელნაწერებისა და ბეჭდური მასალების ფონდში დაცულია წერილობითი ძეგლები, მმართველობითი დოკუმენტები (XIX-XX სს. მიჯნის თვითმმართველობის ოქმები),  პირადი საქმეები, მარკები, აფიშები, კინოფირები, ნეგატივები - მათ შორის მინის, რომელიც ჯერ კიდევ არ არის დაბეჭდილი და ასახავს ნავსადგურის მშენებლობის ადრეულ ეტაპებს და ქალაქის უძველეს ფოტოებს.

ნიკო ნიკოლაძის კოშკის ექსპოზიცია მოგვითხრობს თვითმმართველობის ისტორიის, საქართველოში პირველი რკინიგზისა და ნავსადგურის მშენებლობას, ქალაქგეგმარებასა და ურბანიზაციაზე.