არქეოლოგიური აღმოჩენები თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში

15 ივლისი 2021
Share

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ იფნარასა და ქვემო ახალშენს შორის საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგთა გუნდის მიერ, ძვ.წ. მე-5 ათასწლეულის ნამოსახლარი გამოვლინდა.

მიმდებარე ტერიტორიაზე აღმოჩენილი შუა ბრინჯაოს ხანის ყორღანი ძვ.წ. XXI-XX საუკუნეებით თარიღდება და თრიალეთის არქეოლოგიურ კულტურას მიეკუთვნება. ყორღანის სამარხ კამერაში აღმოჩნდა ოქროს თასის ფრაგმენტები, მინის მძივები, 9 ბურთულისაგან შემდგარი შესაკრები მძივი შემკული თვლებით და გავარსით, ოქროს ბიკონოსური და სფერული მძივები. აქვეა აღმოჩენილი ქვის თასი, ჭილობის და თიხის ჭურჭლის ფრაგმენტები.

აღმოჩენილი ოქროს არტეფაქტები უნიკალურია. მათი ზუსტი ანალოგები დღეისათვის ცნობილი არ არის. შეიძლება ითქვას, რომ ისინი, ლითონის მხატვრული დამუშავების მაღალი ტექნიკით გამოირჩევა არა მხოლოდ კავკასიის, არამედ ახლო აღმოსავლეთის შესაბამისი პერიოდის ძვირფასი ლითონებით დამზადებული არტეფაქტებისაგან. აღმოჩენილი ნივთები შესასწავლად საქართველოს ეროვნული მუზეუმის ლაბორატორიაშია გადატანილი. კვლევით და სარესტავრაციო პროცესებს ლაბორატორიის ხელმძღვანელი, ისტორიის დოქტორი ნინო ქებულაძე უძღვება.

ექსპედიციის ხელმძღვანელია პროფესორი გოდერძი ნარიმანიშვილი. არქეოლოგიური სამუშაოები საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით მიმდინარეობს.e