საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე: XVI-XIX საუკუნეები

19 მაისი 2022
Share

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ გიორგი სორდიას პროექტს - „საქართველო და ქართველები ევროპულ მინიატურულ და მცირეფორმატიან რუკებსა და ჩანახატებზე: XVI-XIX საუკუნეები".

გამოფენაზე წარმოდგენილია ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრის არქივში დაცული ასამდე მინიატურული და მცირეფორმატიანი რუკა და ჩანახატი საქართველოს და ქართველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების გამოსახულებით. როგორც რუკები, ასევე ჩანახატები შექმნილია ევროპელი კარტოგრაფების, მხატვრების და გრავიორების მიერ. წარმოდგენილი კოლექცია სრულად მოიცავს საქართველოსთან დაკავშირებულ ევროპულ მინიატურულ კარტოგრაფიულ მემკვიდრეობას.

ექსპონატების უმეტესობას ქართული დაინტერესებული საზოგადოება პირველად იხილავს. აღსანიშნავია, რომ წარმოდგენილი რუკების ნაწილი ერთეული ეგზემპლარების სახით არის შემორჩენილი, რაც მათ ფასეულობას და მნიშვნელობას კიდევ უფრო ზრდის. თითოეულ ექსპონატს დართული აქვს დეტალური აღწერა ავტორის, გამოცემის ადგილის და თარიღის მითითებით. აღწერაში ასევე წარმოდგენილია რუკებზე ასახული ტოპონიმები, ეთნონიმები თუ სხვა სახით აღნიშვნები როგორც ორიგინალ ენაზე, ასევე მათი ქართულენოვანი შესატყვისი. გამოფენაზე ასევე ნახავთ ქართველთა ეთნოგრაფიული ტიპაჟების კოლექციას, რაც მნიშვნელოვან პირველწყაროს წარმოადგენს იმის გასარკვევად, თუ როგორი იყო საუკუნეების მანძილზე ევროპელების აღქმა და წარმოდგენები ქართველთა ჩაცმულობის და გარეგნობის შესახებ.

გამოფენის გახსნა: 18 მაისი, 2022 | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 18 მაისი - 31 მაისი, 2022
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. №8