„მხატვარი და ეპოქა: შალომ კობოშვილი 145“ - გამოფენა სიღნაღის მუზეუმში

10 მაისი 2022
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი სიღნაღის ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმში წარმოგიდგენთ შალომ კობოშვილის 145 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას „მხატვარი და ეპოქა". 

შალომ კობოშვილი (1876-1941) საქართველოში მოღვაწე პირველი ებრაელი მხატვარია. მისი შემოქმედება დაკავშირებულია თბილისში ებრაელთა ისტორიულ-ეთნოგრაფიულ მუზეუმთან, სადაც ის ცხოვრების ბოლო წლებში დარაჯად მუშაობდა. კობოშვილმა ხატვა 61 წლის ასაკში სწორედ ებრაულ მუზეუმში დაიწყო და სამი წლის განმავლობაში, გარდაცვალებამდე, შექმნა 60-მდე ნამუშევარი, სადაც XIX საუკუნის ბოლოდროინდელი ახალციხის ცხოვრება, ებრაელთა ყოფა, ადათ-წესები, რიტუალური სცენები, ცეკვა, ხელოსნობა თუ სხვა ჟანრული სიუჟეტებია ასახული.

გამოფენაზე წარმოდგენილია მხატვრის სიცოცხლის წლების (1876-1941) ამსახველი ეპოქა 100-მდე ექსპონატით. შალომ კობოშვილის ნამუშევრების გარდა, ექსპოზიციაზე გამოფენილია დავით გველესიანის ნამუშევრები ებრაული ცხოვრების თემატიკაზე; ეროვნული მუზეუმის მრავალფეროვანი ებრაული კოლექცია ⎼ XIX საუკუნესა და XX საუკუნის დასაწყისის ებრაული სამოსი, ქსოვილები, რელიგიური, რიტუალური თუ ყოფითი დანიშნულების ნივთები; დავით ბააზოვის სახელობის საქართველოს ებრაელთა და ქართულ-ებრაულ ურთიერთობათა ისტორიის მუზეუმის და დიმიტრი ერმაკოვის ფოტოარქივებში დაცული ფოტომასალა.; საქართველოს ეროვნულ არქივსა და ეროვნულ ბიბლიოთეკაში მოძიებული დოკუმენტური და საარქივო მასალა.

გამოფენაში ჩართულია მულტიმედია კომპონენტები - წარმოდგენილი იქნება აუდიო-ვიზუალურ მუზეუმთან „ჰოლოზეუმი" თანამშრომლობით შექმნილი ანიმაცია. ასევე, დოკუმენტური ფილმი „მეხსიერების დარაჯი", რომელიც მომზადდა მედია პლატფორმა Chai Khana-სთვის, საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით, პროექტის „ქართველი ებრაელების საერთო მეხსიერება" ფარგლებში.

გამოფენა „მხატვარი და ეპოქა: შალომ კობოშვილი 145" წარმოადგენს ლელა წიწუაშვილის პროექტის გაგრძელებას (შემცირებული ფორმატით), რომელიც ხორციელდება როტშილდის ფონდისა და საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში გამოფენა წარმოდგენილი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში 2021 წლის 22 დეკემბრიდან 2022 წლის 5 მაისის ჩათვლით, გამოიცა გამოფენის კატალოგი და შეიქმნა გამოფენის ვირტუალური ტური. პროექტის ფარგლებში დაგეგმილია შალომ კობოშვილის იუბილესადმი მიძღვნილი საერთაშორისო კონფერენცია და ებრაული კულტურის ფესტივალი.

გამოფენა სიღნაღის მუზეუმში ხორციელდება საქართველოში ისრაელის საელჩოს მხარდაჭერით და ეძღვნება საქართველოსა და ისრაელის სახელმწიფოების 30 წლიან დიპლომატიურ ურთიერთობას.

გამოფენის კურატორი: ლელა წიწუაშვილი
დიზაინერი: დავით ჯანიაშვილი

გამოფენის ოფიციალური გახსნა: 19 მაისი, 2022 | 13:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი - 13 ივნისი, 2022
მისამართი: სიღნაღის მუზეუმი, შოთა რუსთაველის ჩიხი 8, სიღნაღი