გამოფენა „კრისტოფორო კასტელი და საქართველო“

10 მაისი 2022
Share

რომსა და თბილისს შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავის აღსანიშნავად იტალიასა და საქართველოს შორის არსებული შესანიშნავი პოლიტიკური, ეკონომიკური, სამეცნიერო და კულტურული ურთიერთობების ფონზე, აღინიშნება ამ ორ ქვეყანას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების 30 წლისთავი. ეს თარიღი კარგი შესაძლებლობაა, თვალი გადავავლოთ უკანასკნელი სამი ათწლეულის განმავლობაში ერთად განვლილ გზას, იტალიასა და საქართველოს ისტორიული კავშირების ინტენსივობას, მეგობრობისა და ურთიერთთანამშრომლობის ხანგრძლივ ტრადიციას.

ამ მნიშვნელოვან საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, იტალიის საელჩო საქართველოში, საქართველოს ეროვნულ მუზეუმთან თანამშრომლობით, მართავს გამოფენას „კრისტოფორო კასტელი და საქართველო", რომელიც თეატინელ პატრს ეძღვნება. კრისტოფორო კასტელიმ დიდი წვლილი შეიტანა საქართველოს ევროპის კულტურული ოჯახისთვის უკეთ გაცნობის საქმეში და ფასდაუდებელი ისტორიული მემკვიდრეობა დაგვიტოვა - აქ გატარებული თითქმის ოცდახუთწლიანი პერიოდის განმავლობაში (1631-1654) მან იმდროინდელი საქართველოს ამსახველი ილუსტრირებული „დღიური" შექმნა.

ექსპოზიცია შედგება 50 გრაფიკული ნამუშევრის რეპროდუქციისგან (ორიგინალები პალერმოს მუნიციპალურ ბიბლიოთეკაში ინახება), რომლებიც ეთნოლოგიური და ისტორიული კუთხით უაღრესად საინტერესოა: კასტელის მიერ ქაღალდზე გაცოცხლებული ადამიანები და ადგილები მეჩვიდმეტე საუკუნის საქართველოში გვაბრუნებს: გამოფენის დამთვალიერებელს ელის ქართველი მეფეებისა და დიდგვაროვნების პორტრეტები; ასევე, ეკლესიების, ციხესიმაგრეების, ტრადიციული თამაშობების, ყოფითი სცენებისა თუ წეს-ჩვეულებების ამსახველი ნამუშევრები.

იტალიის საელჩოს მიერ სპეციალურად ამ მოვლენისთვის მომზადდა და გამოიცა კრისტოფორო კასტელისადმი მიძღვნილი სამენოვანი წიგნი (იტალიურ, ქართულ და ინგლისურ ენებზე).

გამოფენის ხანგრძლივობა: 13 მაისი - 30 ივნისი, 2022

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ.3.