სტერეო ფოტოები დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან

24 დეკემბერი 2021
Share

25 დეკემბერს ქრისტიანული სამყაროს ნაწილი შობის დღესასწაულს აღნიშნავს!  

წარმოგიდგენთ შობა-ახალი წლის თემაზე გადაღებულ სტერეო ფოტოებს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი ერმაკოვის კოლექციიდან.

დიმიტრი ერმაკოვი ერთ-ერთი პირველი ფოტოგრაფია, რომელმაც XIX-XX საუკუნეების მიჯნაზე, საქართველოში სტერეო ფოტოგრაფიის ჩამოყალიბებისა და განვითარების გზაზე პირველი ნაბიჯები გადადგა. საკუთარ ფოტოსტუდიაში, სპეციალურად მოწყობილ კუთხეში, საზოგადოებას შეეძლო იმ პერიოდისათვის სრულიად ახალი, 3D მეთოდით გადაღებული უნიკალური სტერეო ფოტოების დათვალიერება. 

დიმიტრი ერმაკოვის კოლექციაში დაცულია ღია სივრცესა და ინტერიერში გადაღებული სტერეო ფოტოები, რომლებიც სივრცის, პერსპექტივის, საგანთა მოცულობისა და ავთენტური გარემოს აღქმის გამორჩეული ხერხით ხასიათდება და ასახავს XIX საუკუნის დასასრულისა და XX საუკუნის დასაწყისის საქართველოს ყოველდღიურობას.

აქვე თავმოყრილია ფოტოგრაფის მიერ, წლების განმავლობაში შეგროვებული იმდროინდელი ქართული საზოგადოებისათვის უცნობი, მაგრამ მეტად საინტერესო ფოტომასალა, რომელიც დასავლეთ ევროპის ქვეყნების მნიშვნელოვან მოვლენებს, სცენებს, სრულიად განსხვავებულ ტრადიციებსა და დღესასწაულებს გვაცნობს. სტერეო ფოტოებზე წარმოდგენილი ვიქტორიანული ეპოქის ნაძვის ხე, მოზეიმე ბავშვები და საჩუქრები სადღესასწაულო განწყობას ქმნიან. 

 

ავტორი: სოფო ებრალიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი

#მუზეუმისუცნობიკოლექცია