ამბავი საწყისებზე - გამოფენა სვანეთის მუზეუმში

22 ნოემბერი 2021
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი თანამედროვე ხელოვანთა ჯგუფთან თანამშრომლობით, წარმოგიდგენთ გამოფენას "THE TALE OF ORIGINS / ამბავი საწყისებზე".

გამოფენაზე წარმოდგენილი ნამუშევრები ხუთი არტისტის - სალომე ჯოხაძის, თათა ფოცხვერაშვილის, თიკა შელიას, სალომე ფოცხვერაშვილის და ანო ჯიშკარიანის სვანეთში ერთობლივი მოგზაურობის შედეგად შეიქმნა. ამ მოგზაურობისას, ხუთი ახალგაზრდა არტისტი ადგილობრივ მოსახლეობას, ყოველდღიური კომუნიკაციის გზით, აქტიურად ეცნობოდა. ნამუშევრების ინსპირაცია სწორედ ის ისტორიული ფაქტები, ლეგენდები, მითები, თუ პირადი ისტორიები გახდა, რომლებიც ხელოვანებმა მოსახლეობასთან ურთიერთობისას მოაგროვეს და გააერთიანეს.

გამოფენის მონაწილეებისთვის სვანეთი განსაკუთრებით მისტიკური სივრცეა, რომელიც თითოეულ მათგანს თავისებურად იზიდავს. არტისტების ნამუშევრები და სახელოვნებო პრაქტიკა ერთმანეთისგან განსხვავებულია, თუმცა მათი გამაერთიანებელი თემა სვანი ხალხის მორალი და ბუნებრივი თვისებებია. ხუთივე ხელოვანი ეცადა, აღმოეჩინა და დაემყარებინა პირადი კავშირი სვანეთთან, რაც შემდეგ, მათ განსხვავებულ მედიუმებში თარგმნეს. შესაბამისად, გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა მასალაში გადმოცემულ ინდივიდუალურ ხედვებსა და თემებს: კულტურულ გამოხატულებებსა თუ არქაულ წარმოდგენებზე დამყარებულ რწმენას, ქართული მითოლოგიური პერსონაჟების მიმართ შიშებს და თავდაუდებელ ბრძოლებში გამოხატულ მათ სიმტკიცესა და გამბედაობას.

არტისტების მთავარი მიზანი იყო, წარმოეჩინათ სვანური სულის ფუნდამენტური თავისებურებები, გაეცოცხლებინათ სვანეთში შეძენილი მძაფრი შთაბეჭდილება და მათი თვალით დანახული ეს უჩვეულო, მისტიკური სამყარო, რომლის შეცნობის წყურვილმაც გააერთიანა ისინი.

პროექტის მხარდამჭერები არიან საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო და საქართველოს ეროვნული მუზეუმი. 

გამოფენის გახსნა: 27 ნოემბერი | 16:00 საათი

მისამართი: სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი, ა. იოსელიანის ქუჩა 7, მესტია, საქართველო 

რეკომენდაციები ვიზიტორებისთვის.