პირველი გენეტიკური ინფორმაცია საქართველოს ქვის ხანის ძეგლებიდან

17 ნოემბერი 2015
Share

საერთაშორისო სამეცნიერო ჟურნალ Nature Communications-ში გამოქვეყნდა სტატია „ზედაპალეოლითური გენომის ღრმა ფესვები თანამედროვე ევრაზიულ მოსახლეობაში/ Upper paleolithic genomes reveal deep roots of modern Eurasians". უცხოელ მეცნიერებთან ერთად სტატიის ავტორები არიან დავით ლორთქიფანიძე, თენგიზ მეშველიანი და ნინო ჯაყელი.

პრესკონფერენცია და გამოფენა გაიმართება
18 ნოემბერს 13:00 საათზე
საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორიაში 
მისამართი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის აუდიტორია, ფურცელაძის ქუჩა 1.

სტატიაში წარმოდგენილია უახლესი გენეტიკური კვლევის შედეგები, რომელიც პირველად ჩატარდა საქართველოს ზედაპალეოლითურ ძეგლებზე. განისაზღვრა საწურბლიას მღვიმის (წყალტუბოს მუნიციპალიტეტი, სოფ. ყუმისთავი) გვიან ზედაპალეოლითური 13,300 წლის და კოტიას კლდის მღვიმის (ჭიათურის მუნიციპალიტეტი, სოფ. სვერი) მეზოლითური ხანის 9, 700 წლის, ადამიანის გენი და გაირკვა თანამედროვე ევროპის მოსახლეობის მეოთხე, აქამდე უცნობი გენეტიკური კომპონენტი.  აღმოჩნდა, რომ სამხრეთ კავკასიური გენი არის გენეტიკური ჯაჭვის ერთ-ერთი მთავარი რგოლი, რომლის მემკვიდრეები არიან თანამედროვე ევროპელები.

დღემდე მეცნიერები თვლიდნენ, რომ ევროპელები სამი პოპულაციის მემკვიდრეები არიან: ადგილობრივი მონადირე-შემგროვებლების, ლევანტიდან გამოსული ნეოლითელი მწარმოებლური მოსახლეობის და ჩრდილო ევრაზიის, იამნაიას (ორმოიან გორასამარხთა კულტურა) მესაქონლე ტომების, რომლებმაც თავიანთი კულტურული ზეგავლენა პონტოს სტეპებიდან დასავლეთის მიმართულებით მიგრაციის დროს გაავრცელეს.

დასავლეთ საქართველოს ძეგლებზე აღმოჩენილი ადამიანის გენომების სეკვენირების (თანმიმდევრობის დადგენა) შედეგად გაირკვა, რომ კავკასიელი მონადირე-შემგროვებელი (CHG), მიეკუთვნება განსხვავებულ, უძველეს შტოს, რომელიც აფრიკიდან გამოსული თანამედროვე ადამიანის (Homo sapiens ან კრომანიონელის) ორი 45,000 და  25, 000 წლის წინანდელი მიგრაციული ტალღის მემკვიდრეა. ევროპისკენ მიგრაციის დროს, ამ ორივე ტალღას გამოყოფილ ადამიანთა ჯგუფი საქართველოს ახლანდელ ტერიტორიაზე ცხოვრობდა იზოლირებულად ვიდრე ადრებრინჯაოს  ხანაში არ გაავრცელა თავისი კულტურა ჩრდილოეთით, კერძოდ იამნაიას კულტურის მატარებელ ტომებზე. ეს სწორედ ადამიანთა ის ტომებია, რომლებიც ევროპაში, დაახლოებით მესამე ათასწლეულში გავრცელდნენ.

დასავლეთ საქართველოს პალეოლითურ ძეგლებზე უკვე მრავალი წელია მუშაობს საქართველოს ეროვნული მუზეუმის საერთაშორისო არქეოლოგიური ექსპედიცია თენგიზ მეშველიანის ხელმძღვანელობით. მეცნიერთა ჯგუფმა საქართველოდან (საქართველოს ეროვნული მუზეუმი), ისრაელიდან (ჰიბროუ უნივერსიტეტი), აშშ-დან (ჰარვარდის უნივერსიტეტი), ბრიტანეთიდან (ოქსფორდის უნივერსიტეტი) და ირლანდიიდან (ტრინიტი კოლეჯი) ერთობლივი კვლევის შედეგად ახალი მონაცემებით შეავსო ევრაზიის ტერიტორიაზე მცხოვრები პოპულაციების გენეტიკური ფონდი. საერთაშორისო ექსპედიციის ინტერდისციპლინარული კვლევითი და საველე სამუშაოები მომავალშიც გაგრძელდება.

სამუშაოები დააფინანსეს საერთაშორისო სამეცნიერო ფონდებმა: NGGE, ERC, ASPR, NSF და შოთა რუსთაველის ეროვნულმა სამეცნიერო ფონდმა.

აღნიშნულ მოვლენას საერთაშორისო მედიაც ეხმიანება და აქვეყნებენ სტატიებს სათაურებით:
DAILYMAIL: „კავკასიაში აღმოჩენილმა DNA-მმა შეავსო ადამიანის წარმოშობის გენეტიკური ჯაჭვი"; REUTERS: „გენეტიკური კვლევების საშუალებით მეცნიერები თანამედროვე ევროპელთა წარმომავლობას ადგენენ"; BBC: „გაირკვა ევროპელთა წინაპართა მეოთხე „ტომი"; Lenta.ru: „კავკასიელები თანამედროვე ევროპელების აქამდე უცნობი დამაარსებლები აღმოჩნდნენ" და სხვა.