გამოფენა ,,სპორტული რეპორტაჟი“
2013 წლის 18 თებერვალს 17:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ ალექსანდრე კოტორაშვილის გამოფენას "სპორტული რეპორტაჟი".
გამოფენა ეძღვნება ქართველი პროფესიონალი ფოტოგრაფის, ქართულ სივრცეში სპორტული მატიანეს ერთ-ერთი ავტორის ალექსანდრე კოტორაშვილის 70 წლის იუბილეს.
წარმოდგენილი ფოტო-ნამუშევრები პროფესიონალი ოსტატის თვალით დანახულ სპორტის სამყაროს ასახავს, სადაც ნათლად ჩანს მოძრაობისა და აზარტის, შეჩერებული წამის დინამიკა, სამყარო, სადაც სპორტს ემოციური და სულიერი გარდატეხები მოაქვს ადამიანების ცხოვრებაში.
60-ან წლებში ალექსანდრე კოტორაშვილი კინოსტუდია "ქართულ ფილმში", ასევე სპორტული პროფესიული ჟურნალის "მართვეს" კორესპონდენტად მუშაობდა. 70-ანი წლებიდან დღემდე, იგი არის გაზეთის, "ლელოს" კორესპონდენტი. ალექსანდრე კოტორაშვილი დაჯილდოებულია ღირსების მედლით, ღირსების ორდენით, მიენიჭა სპორტის დამსახურებული მუშაკის წოდება, არის ჟურნალისტთა ასოციაციის წევრი და მიხეილ კაკაბაძის სახელობის პრემიის ლაურეატი, საქართველოს დამოუკიდებელ ჟურნალისტთა პრემიის ლაურეატი.
ალექსანდრე კოტორაშვილი მრავალი გამოფენების, ფოტოკონკურსების მონაწილე და გამარჯვებულია თბილისში, მოსკოვში, პეტერბურგში, გერმანიაში, პოლონეთსა და იაპონიაში.
გამოფენა 2013 წლის 28 თებერვლამდე გასტანს.
მისამართი: სიონის ქ. #8, თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა).