Museum - პრესრელიზები საქართველოს ეროვნული მუზეუმი

პრესრელიზები

Share

ოსკარ შმერლინგის ნამუშევრების გამოფენა

 19/05/2022

მუზეუმის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ საქართველოში პოლიტიკური კარიკატურის ფუძემდებლის, ოსკარ შმერლინგის ნამუშევრების გამოფენას.

ოსკარ შმერლინგი (1863-1938) თბილისში დაიბადა. გერმანული წარმოშობის მხატვარმა განათლება პეტერბურგსა და მიუნხენში მიიღო და 1892 წელს კვლავ დაბრუნდა საქართველოში. შმერლინგი დედაქალაქის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. მან ,,წარმავალი თბილისის" სერიის გამოქვეყნება 1910 წლიდან დაიწყო და ამით ქალაქის განსაკუთრებული, სრულყოფილი და დადებითი ემოციებით სავსე სახე შემოინახა.

გამოფენა მოიცავს ოსკარ შმერლინგის 14 ორიგინალ ნამუშევარს, 41 ღია ბარათს და 2 ალბომს, ასევე ვიდეორგოლს, რომელიც ასახავს თბილისის ისტორიის მუზეუმის ფონდში დაცულ ნამუშევრებს. მონიტორზე წარმოდგენილი იქნება გამოფენის ციფრული კატალოგი.

პროექტის მიზანია, დამთვალიერებელს წარუდგინოს ოსკარ შმერლინგის თბილისი, რომელიც ,,წარმავალი თბილისის" სახელით დარჩა ისტორიაში. ამ კარიკატურებში ნათლად ჩანს, მართლაც წარმავალი თბილისი, რომელიც მხატვარს უყვარს, და რომელსაც ემშვიდობება. 

პროექტის ავტორი: ნანა მახათაძე.

გამოფენის გახსნა: 18 მაისი, 2022 | 16:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 18 მაისი - 31 მაისი, 2022
მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. №8