ფოტოგამოფენა "საგანძური"

26 ნოემბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის შემეცნებითი პროექტი „ფოტოგამოფენა საგანძური" ეფუძნება უდიდესი ევროპული მუზეუმების გამოცდილებას კულტურული მემკვიდრეობისა და სამუზეუმო კოლექციების მედიაციაში: კულტურული მემკვიდრეობის ხელმისაწვდომობის, ცნობადობის, პოპულარიზაციის ხელშეწყობის მიზნით შექმნილია მისი მაღალმხატვრული, ესთეტიურად და შინაარსობრივად მისადაგებული ალტერნატივა - ფოტო-ასლები, რაც მარტივია ტრანსპორტირებისათვის და წარმოადგენს შესანიშნავ თემატურ გარემოს მრავალფეროვანი, შემეცნებითი, საგანმანათლებლო, შემოქმედებითი აქტივობების ჩასატარებლად.

„ფოტოგამოფენა საგანძურის" საექსპოზიციო მასალები შეიქმნა 2008 წელს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის ილია მეორის ლოცვა კურთხევით, საქართველოს საპატრიარქოს მხარდაჭერით.

შექმნის დღიდან „საგანძურმა" უკვე იმოგზაურა ჩვენი ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში, და შეიქმნა დღეისათვის უკვე 10 წლიანი ისტორიის უაღრესად დადებითი შთაბეჭდილებებით აღსავსე გამოცდილება.

პროექტის არსებობის მეათე წელს შემეცნებითი პროგრამა "საგანძური" წარმოდგენილია ორი ფორმატის სახით:

1.    ფოტოგამოფენის ორგანიზება და შემეცნებითი პროგრამა თემატურ გარემოში - პროგრამის განხორციელების აპრობირებული ფორმა, რომელიც ფოტოგამოფენის მასალების ტრანსპორტირებას, ორკვირიანი ვადით მოწყობასა და ექსპოზიციის გარემოში შემეცნებითი პროგრამის განხორციელებას გულისხმობს

2.    შემეცნებითი პროგრამა „საგანძურის" თემებზე ელექტრონული მასალების გამოყენებით. ეს ფორმატი შემუშავებულია სპეციალურად იმ რეგიონებისათვის, სადაც ფოტოგამოფენა უკვე იყო წარმოდგენილი და ამჯერად მხოლოდ ელექტრონული მასალების საფუძველზე ორგანიზებულ შემეცნებით პროგრამას ვთავაზობთ. ეს ფორმატი შესაძლოა გამოყენებული იყოს აგრეთვე კერძო დაწესებულებებთან თანამშრომლობისათვის თბილისის მასშტაბით.

პროგრამის შემეცნებითი ნაწილი მდიდარია თანამედროვე, ელექტრონული ფორმატით წარმოდგენილი თემატური მასალებით, რომლებიც ხელს უწყობს  მონაწილეებს მიიღონ ქართული კულტურული მემკვიდრეობის შესახებ დეტალური, აკადემიური ხარისხის ინფორმაცია, გაიუმჯობესონ დაკვირვების, შედარების, ანალიზის უნარი, განივითარონ ესთეტიური, მხატვრული და შემოქმედებითი თვისებები, პრაქტიკული, სახალისო, შემოქმედებითი აქტივობების საშუალებით დაამუშაონ და გაითავისონ ცოდნა ქართული ხელოვნების ფუნდამენტური საკითხების შესახებ.

საქართველოს ყველა ქალაქსა და რეგიონს ვთავაზობთ - მისცეს საშუალება საკუთარ მოსახლეობას, გაეცნოს ქართულ საგანძურს, გაითავისოს ეროვნულ კულტურულ მემკვიდრეობაში დავანებული მატერიალური და სულიერი ფასეულობები - რაც ესოდენ მნიშნველოვანია განსაკუთრებით ახალგაზრდობის აღზრდისა და ეროვნული ცნობიერების ჩამოყალიბებისათვის.

პროექტის განხორციელების ფარგლებში საქართველოს ეროვნული მუზეუმი ერთიან, სრულყოფილ პაკეტს გთავაზობთ: სრულად აღჭურვილი ექსპოზიცია, მაღალი ხარისხის საინფორმაციო, ელექტრონული და ბეჭდვითი საშუალებები, შემეცნებით-პედაგოგიური მასალები, სრული სატრანსპორტო და საკადრო მომსახურეობა.

დამატებითი ინფორმაციისათვის, გთხოვთ დაუკავშირდეთ პროექტის ხელმძღვანელს მაია ჯამბაზიშვილს 571 755 855.