საოცარი თიხა

29 ოქტომბერი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „საოცარი თიხა".

მატერიალურ კულტურაში მეთუნეობასა და თიხის  ნაწარმს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კერამიკის წარმოება კაცობრიობის განვითარებისათვის ახალ ეტაპს წარმოადგენდა. გარდა სახელოვნებო მასალად გამოყენებისა, თიხის ჭურჭელი საოჯახო ყოფის ერთ-ერთ უმთავრეს ელემენტადაც იქცა. ამან განაპირობა კერამიკული ფორმების შესაბამისობა მის ფუნქციასთან. ამიტომაა არქეოლოგიურ მონაპოვართა ფორმები ასეთი ლამაზი და მრავალფეროვანი. დღესაც, თიხა ჩვენი ყოფისა და კულტურის განუყოფელი, ნაწილია და ჩვენს უსაზღვრო შესაძლებლობებზე მეტყველებს.

პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის მეშვეობით, გაეცნობიან თიხის ნაკეთობათა წარმოების ისტორიულ განვითარებას, თიხის ნაწარმის დამზადებისა და გაფორმების ტექნოლოგიებს, დაათვალიერებენ მრავალფეროვან საპრეზენტაციო მასალას, თიხის ნაწარმის ნაირსახეობას, თვალსაჩინო და საინტერესო ნიმუშებს.

პროგრამის პრაქტიკული ნაწილი მოიცავს ვორქშოფს, რომლის ფარგლებშიც ბავშვები შექმნიან მცირე ზომის თიხის ნაკეთობებს და საკუთარი სურვილისამებრ მოხატავენ თიხის მზა ნაწარმს. 

თეორიული და პრაქტიკული ცოდნის მიწოდებით ბავშვები ეზიარებიან თიხის კულტურას და მის მრავალფეროვნებას. საგანმანათლებლო პროგრამა ბავშვებში ავითარებს ფანტაზიას და წარმოსახვით უნარებს. ეს შემოქმედებითი პროცესი ხელს შეუწყობს მოზარდის შინაგანი ესთეტიკის ჩამოყალიბებას.


პროგრამა განკუთვნილია: I-IV კლასის მოსწავლეებისათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-20
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი-პარასკევი
ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. #8
პროგრამის ღირებულება: 10 მონაწილემდე ჯგუფისთვის 60 ლარი, 20 მონაწილემდე - 120 ლარი. 
პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარ რეგისტრაცია: 2 2923227;  551 203556; 595501018