მუზეუმი - ჯადოსნური სამყარო

17 აპრილი 2018
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი წარმოგიდგენთ საგანმანათლებლო პროგრამას „მუზეუმი - ჯადოსნური სამყარო".

მსოფლიოში უამრავი მუზეუმი არსებობს. მრავალი მათგანი ჩვენი პლანეტის ყველაზე ძვირფას და მნიშვნელოვან საგანძურს ინახავს და მთელ მსოფლიოშია განთქმული თავისი კოლექციებით.  ზოგიერთი მუზეუმი კი გამორჩეული, საოცარი  და, შეიძლება ითქვას, უცნაურიც კი არის. მუზეუმს  აღტაცებაში მოვყავართ, თავი ზღაპრულ, ჯადოსნურ სამყაროში გვგონია, ვინაიდან აქ ინახება ისეთი ნივთები, რომლებსაც ყველგან და ყოველთვის ვერ ვნახავთ. მუზეუმი თავისი გამორჩეული და განსაკუთრებული ექსპონატებით გვიყვება საოცარ, საინტერესო ამბებს, რადგან  თითოეულ ექსპონატს თავისი იდუმალი წარსული აქვს. იდუმალება და საიდუმლო კი ძალიან დიდ ინტერესს ბადებს. 

პროგრამის მონაწილეები ვიზუალური მასალის მეშვეობით, წარმოსახვითად იმოგზაურებენ მუზეუმის იდუმალ სამყაროში, შეიტყობენ თუ როდის, რა მიზნით შეიქმნა მუზეუმები, გაეცნობიან მსოფლიოს გრანდიოზულ და ყველაზე საინტერესო, საოცარ მუზეუმებს.

პროგრამის მონაწილეები ასევე გაეცნობიან სამუზეუმო ტრადიციებს და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების მაგალითებს, რომელთა  მეშვეობითაც მუზეუმი კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება ახალგაზრდა თაობისათვის. 

პროგრამის მეორე ნაწილში ბავშვები ჩაერთვებიან სახალისო აქტივობებში, მიიღებენ მონაწილეობას სახალისო-შემეცნებით თამაშში „შექმენი შენი მუზეუმი".

მონაწილეები მიიღებენ ინფორმაციას, მსოფლიოს გამორჩეული, უჩვეულო ექსპონატებით აღსავსე, ყველაზე საინტერესო მუზეუმების შესახებ, გაიღრმავებენ ცოდნას ამ მიმართულებით, განავითარებენ წარმოსახვას და დაუახლოვდებიან მუზეუმს.

პროგრამა განკუთვნილია: I-VIII  კლასის მოსწავლეებისათვის
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-25
პროგრამის ხანგრძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: სამშაბათი - შაბათი
ჩატარების ადგილი: საქართველოს ეროვნული მუზეუმის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქ. #8
პროგრამის ღირებულება:  10 კაციანი ჯგუფი - 60 ლარი

*პროგრამაში მონაწილეობისათვის საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია: +995 32 2923227; 551 203556; 595501018