ვაზი და ღვინო საქართველოში

06 ოქტომბერი 2016
Share

საქართველო უძველესი დროიდან ცნობილია, როგორც მევენახეობა-მეღვინეობის ქვეყანა. ამას მოწმობს არქეოლოგიური არტეფაქტები; მატერიალური კულტურის ძეგლები; ორნამენტული ხელოვნების ნიმუშები; ისტორიკოსთა და მოგზაურთა შრომები; ვაზთან და ღვინოსთან დაკავშირებული უძველესი ტრადიციები და ზნე-ჩვეულებები. 

საქართველოს ეროვნულ მუზეუმში მეღვინეობასთან დაკავშირებული მრავალფეროვანი არქეოლოგიურ–ეთნოგრაფიული მასალა და ხელოვნების ნიმუშებია დაცული. აქ თქვენ ნახავთ ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, თიხის, სპილენძის და ხის საღვინე ჭურჭელს, რომელიც მიუთითებს საქართველოში მეღვინეობის განვითარებაზე. 

პროგრამის მიზანია ბავშვებს გავაცნოთ ვაზისა და ღვინის მდიდარი ტრადიციები საქართველოში. კერძოდ:

  • ტერმინი ღვინო და მისი წარმოშობის ისტორია;
  • ვაზის სიმბოლიკა ქრისტიანულ რელიგიაში და მისი როლი ქრისტიანულ ხელოვნებაში;
  • ვაზის გაშენება და მოვლა;
  • საქართველოს სხვადასხვა კუთხისთვის დამახასიათებელი ვაზის ჯიშები;
  • რთველი;
  • ყურძნის დაწურვისთვის განკუთვნილი ნაგებობა და იარაღები;
  • ღვინის დასაყენებლად და შესანახად განკუთვნილი ნაგებობები და მასთან დაკავშირებული იარაღები;
  • საღვინე ჭურჭელი (საზომ-საწყაოები, გადასაზიდი ჭურჭელი, სასმისები) და მათი დამზადების წესები.
  • ყურძნის წვენის სხვადასხვა პროდუქტები.

პროგრამა გაფორმებული იქნება მრავალფეროვანი აუდიო-ვიზუალური მასალით. ლექციის დასასრულს ბავშვები ჩაერთვებიან საინტერესო და სახალისო პრაქტიკულ აქტივობებში.

პროგრამა განკუთვნილია  6–8; 9–13  წლის მოსწავლეებისათვის. 
ჯგუფში მონაწილეთა რაოდენობა: 10-15
პროგრამის ხანგძლივობა: 90 წუთი
ჩატარების დრო: ყოველ სამშაბათს, ოთხშაბათს და ხუთშაბათს
პროგრამის საფასური: 5 ლარი 
ჩატარების ადგილი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, საგანმანათლებლო ცენტრის დარბაზი.

პროგრამა გაგრძელდება ნოემბრის ბოლომდე.  

პროგრამას გაუძღვებიან გვანცა არჩვაძე და ნინო დათუნაშვილი.

პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად საჭიროა წინასწარი რეგისტრაცია!

ტელ: 574 44 04 84

მისამართი: შ. რუსთაველის გამზ. 3.