საჯარო ლექცია ,,ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან”

20 მარტი 2014
Share

საქართველოს ეროვნული მუზეუმი ექვთიმე თაყაიშვილის დაბადებიდან 150 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ფარგლებში წარმოგიდგენთ ლექციათა ციკლს.

2014 წლის 20 მარტს 15:00 საათზე წარმოგიდგენთ საჯარო ლექციას სახელწოდებით „ანტიკური პერიოდის არტეფაქტები და მათი კავშირი შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგიასთან".  მოხსენებას წაიკითხავს  შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმის საგანძურის ფონდის უფროსი მეცნიერ-თანამშრომელი და რესტავრატორი, ბატონი ერმილე მაღრაძე.

ძვირფასი მეტალების ოქროსა და ვერცხლის დამუშავების ტექნოლოგია კაცობრიობის ევოლუციის მანძილზე მრავალმხრივ იცვლებოდა. არქეოლოგიური მასალის შესწავლა საფუძველს გვაძლევს დავაკავშიროთ უძველესი პერიოდის არტეფაქტები და შედარებით გვიანი პერიოდების ტიხროვანი მინანქრის ტექნოლოგია.

საქართველოს მუზეუმებში მრავლად არის წარმოდგენილი ანტიკური პერიოდის ინკრუსტაციის მეთოდით შესრულებული ექსპონატები. ეს ფაქტი  მიანიშნებს იმაზე, რომ ამ პერიოდისთვის როგორც აღმოსავლეთ, ისე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე განლაგებულ პოლიტიკურ ერთეულებში არსებობდა მდიდარი გამოცდილების მქონე საიუველირო სახელოსნოები, რომელთა უშუალო მემკვიდრეებად შუა საუკუნეების ტიხროვანი მინანქრის დამამზადებელი ქართული სახელოსნოები უნდა მოვიაზროთ.

ლექცია გაიმართება საგამოფენო დარბაზში.

დამსწრეთა რაოდენობა შეზღუდულია. მსურველებმა გთხოვთ გაიაროთ წინასწარი რეგისტრაცია.

დასწრება თავისუფალია.

დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით ნომერზე 2 93 16 52 - საქართველოს ეროვნული მუზეუმის საგანმანათლებლო ცენტრი.

მისამართი: შოთა რუსთაველის გამზირი 3, სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი.