,,რაზე მოგვითხრობენ სვანეთში აღმოჩენილი მონეტები“

29 ივლისი 2015
Share

2015 წლის 29 ივლისს საქართველოს ეროვნული მუზეუმის სვანეთის ისტორიისა და ეთნოგრაფიის მუზეუმი უმასპინძლებს საქართველოს ეროვნული მუზეუმის მეცნიერ-თანამშრომლის, ნუმიზმატ მაია პატარიძის საჯარო ლექციას ,,რაზე მოგვითხრობენ სვანეთში აღმოჩენილი მონეტები".

სვანეთის მუზეუმის ერთ-ერთი საექსპოზიციო სივრცე დათმობილი აქვს ნუმიზმატიკურ ძეგლებს. ეს საქართველოს სამუზეუმო სფეროში პირველი მონეტების კაბინეტია, რომლის შექმნა რამდენიმე წლით ადრე დაიწყო და საინტერესო ისტორია აქვს.

საჯარო ლექციაზე საუბარი იქნება იმ გზაზე, რომელიც გაიარა სვანეთის ნუმიზმატიკური ძეგლების შესწავლამ, როგორ იქმნებოდა სამუზეუმო კონცეფცია და კომპლექსური შრომის შედეგად შემდგომში როგორ იქცა ის კაბინეტად. მოისმენთ მონეტებით მოთხრობილ ისტორიას სვანეთის რეგიონის პოლიტიკურ-ეკონომიკური და კულტურული ცხოვრების შესახებ, აგრეთვე სპეციფიკაზე რაც გამოარჩევს მათ სხვა რეგიონის ნუმიზმატიკური ძეგლებისგან. ეს სვანეთში აღმოჩენილი მონეტების ეთნოლოგიურ, საკულტო-სარიტუალო ბუნებაა. აქ აღმოჩენილი ადგილობრივი და უცხოური მონეტების საფუძველზე იქნება ნაჩვენები სვანეთის რეგიონის სტრატეგიული მნიშვნელობა, როგორც ერთიანი საქართველოს, ისე გარე სამყაროსთვის. 

ლექციის ბოლოს გექნებათ საშუალება ნახოთ საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქივში დაცული დოკუმენტური ფილმი „ქართული მონეტები" . 

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: მესტია, ავთანდილ იოსელიანის ქუჩა N7