ოქრო და ღვინო. საქართველოს უძველესი საგანძური

06 ოქტომბ. 2018 – 10 თებერვ. 2019

საქართველოს მუზეუმი

ფრანკფურტის საერთაშორისო წიგნის ბაზრობის საპატიო სტუმრის პროგრამის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის დადგენილებით და საქართველოს განათლების, მეცნიერების კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, საქართველოს ეროვნული მუზეუმი 2018 წლის შემოდგომაზე გეგმავს სამ გამოფენას და საგანმანათლებლო პროგრამებს ქ. ფრანკფურტის სხვადასხვა მუზეუმში, რომელთა მიზანია წარმოვადგინოთ ადამიანის განვითარების ისტორია საქართველოსა და კავკასიის ტერიტორიაზე პრეისტორიული ეპოქიდან ანტიკური ხანის ჩათვლით.

გამოფენების სპეციფიკიდან გამომდინარე, შეირჩა სამი მუზეუმი მაინის ფრანკფურტში: ადამიანის წინაპართა ისტორია და მათი მოგზაურობა აფრიკიდან კავკასიის გავლით წარმოდგენილი იქნება ზენკენბერგის საბუნებისმეტყველო მუზეუმში (Naturmuseum Senckenberg). გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება დმანისში აღმოჩენილი 1 800 000 წლის წინანდელი ჰომინინის ნაშთები. ღვინის და ოქროს წარმოების შესახებ მოთხრობილი იქნება არქეოლოგიის მუზეუმში (Archäologisches Museum Frankfurt am Main), სადაც გამოიფინება ექსპონატები ქვის ხანიდან ბრინჯაოს ხანის ჩათვლით, ხოლო ანტიკურ სამყაროსა და მედეას მითოლოგიზებულ სახეს ძველ მსოფლიოში დამთვალიერებელი გაეცნობა ლიბიგჰაუსის მუზეუმში (Skulpturensammlung Liebghaus).

***

„ოქრო და ღვინო. საქართველოს უძველესი საგანძური"

2018 წ. 6 ოქტომბერი - 2019 წ. 10 თებერვალი
გახსნა: 2018 წ. 5 ოქტომბერი, 18:00

ქ. მაინის ფრანკფურტის არქეოლოგიური მუზეუმი, კარმელიტერგასე 1

გამოფენა  „ოქრო და ღვინო - საქართველოს უძველესი საგანძური" წარმოგიდგენთ საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ადრეული კულტურების განვითარების სრულ სურათს სასოფლო-სამეურნეო კულტურის საწყისებიდან კავკასიაში (ჩვ.წ. აღრიცხვამდე დაახლოებით 6000-დან 2100-1700 წლებამდე).

კავკასია ყოველთვის იყო კულტურათა გზაჯვარედინი. იმ პერიოდის განმავლობაში, რომელსაც გამოფენა ასახავს, საქართველო დაკავშირებულია მესოპოტამიის, ჩრდილო პონტოური სტეპებისა და შავი ზღვის კულტურებთან. გამოფენის ერთ-ერთი მიზანია წარმოვაჩინოთ ქართულ-გერმანული ერთობლივი არქეოლოგიური პროექტების უახლესი შედეგები, რომლებიც პირველად იქნება წარმოდგენილი ორიგინალებით. გამოფენის ღირშესანიშნავი ელემენტი იქნება ნეოლითური ნამოსახლარების მასალა იმ პერიოდისათვის დამახასიათებელი მრგვალი ნაგებობებითა და სამიწათმოქმედო კულტურების არტეფაქტები.

ექსპოზიციას ახლავს კატალოგი, სამეცნიერო სტატიები და საიტები, რომლებშიც წარმოდგენილია უახლესი სამეცნიერო აღმოჩენები მდიდარი საილუსტრაციო მასალით.

გამოფენის ფარგლებში დაგეგმილია სხვადასხვა საგანმანათლებლო და სამეცნიერო პროგრამა:

სამეცნიერო კონფერენცია: „კავკასია: ხიდი მესოპოტამიასა და პონტოურ სტეპებს შორის. ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე-4 და მე-3 ათასწლეული. ცოდნის გაცვლა აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბრინჯაოს ხანაში". 2018 წლის 1 დეკემბერი, მაინის ფრანკფურტი.

2018 წ. 28 ნოემბერი, ოთხშაბათი, 18:00-19:00 საათი, პროფესორ დავით ლორთქიფანიძის  საჯარო ლექცია  „საქართველოს არქეოლოგიის შესახებ კავკასიაში. ჩვ. წ. აღრიცხვამდე მე-4 და მე-3 ათასწლეულები. მთავარი პერსპექტივები".

http://georgia-characters.com/Home.aspx?lang=ka-GE
www.archaeologisches-museum-frankfurt.de