ნატა ბუაჩიძის ნამუშევრების გამოფენა „ხედვის წერტილები"

16 აპრილი 2019 – 23 აპრილი 2019

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ ნატა ბუაჩიძის ნამუშევრების გამოფენას „ხედვის წერტილები" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ნატა ბუაჩიძის ფერწერული ნამუშევრები, ინსტალაცია და აუდიო მასალა. ნატა ბუაჩიძე საქართველოს სამხატვრო კავშირის წევრია, ხელოვნების სკოლის - „ნატა ბუაჩიძის სტუდია" დამფუძნებელი და ხელმძღვანელი.

ნატა ბუაჩიძეს ჰქონდა რამდენიმე პერსონალური გამოფენა, მისი ნამუშევრები წარდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში გამართულ ჯგუფურ გამოფენებშიც: თბილისის ისტორიის მუზეუმი - ,,მხატვრები მუზეუმისთვის", გალერეა ,,ჰობი" - ქართველი და გერმანელი მხატვრების ერთობლივი გამოფენა, აგრეთვე მონაწილეობდა სოციალურ თემაზე შექმნილი პლაკატების გამოფენაში; მისი ნამუშევრები ასევე გამოფენილი იყო დებორა მაილსის მუზეუმში, ატლანტა; გრეის ხელოვნების სკოლაში, აბერდინი, შოტლანდიასა და დიდ ბრიტანეთში.

იგი მრავალი პროფესიული ჯილდოს მფლობელია. მათ შორის - საუკეთესო ყდა წიგნისთვის, პრიზი საკუთარი ექსლიბრისისთვის და სხვა.

ნატა ბუაჩიძის გამოფენა ფართო საზოგადოებას წარუდგენს კონცეპტუალურად დახვეწილ, გააზრებულ ერთიან მხატვრულ სივრცეს, რომელიც თავისუფალია გამოხატვისა და წარმოსახვის თვალსაზრისით.

გამოფენის გახსნა: 16 აპრილი | 18:00
გამოფენის ხანგრძლივობა: 16 - 23 აპრილი, 2019
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქუჩა #8.