გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა

06 მარტი 2018 – 27 მარტი 2018

თბილისის ისტორიის მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ გამოფენას „გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების გერმანული სუბკულტურა" თბილისის ისტორიის მუზეუმში.

"გენიალური დილეტანტები: 80-იანი წლების სუბკულტურა გერმანიაში" არის გოეთეს ინსტიტუტის მოძრავი გამოფენა, რომელიც მსოფლიოს სხვადასხვა მუზეუმებსა და საგამოფენო სივრცეებში იყო წარმოდგენილი.

გენიალური დილეტანტები წარმოადგენს 1981 წელს ბერლინში „ტემპოდრომის" არენაზე  ჩატარებული კონცერტის შეცვლილ სახელწოდებას და ხელოვნების აღზევების ხანმოკლე პერიოდს აღნიშნავს. ხელოვნების ინსტიტუტების წრეებში განსაკუთრებით შეიმჩნეოდა სხვადასხვა მიმართულებით ექსპერიმენტირებისა და ელექტრონული საშუალებების გამოყენების ტენდენცია. ამავე დროს, აქცენტი შესუსტდა სახელოვნებო ოსტატობაზე და სივრცე თავისუფალ ექსპერიმენტებს დაეთმო. გალერეების, ჟურნალების, კლუბების აღმოცენება და მუსიკის თავისუფალი პროდუცირება თანმხლები კონცერტებით იმ ახალი ეპოქის დადგომაზე მიუთითებდა, რომელიც ხელოვანთა ავტონომიითა და ექსპერიმენტული მიდგომების პოპულარიზაციით გამოირჩეოდა.

მუსიკის ტექსტებში ინგლისური ენა გერმანულით ჩანაცვლდა, რითაც მაშინდელი პროტაგონისტები პოპულარულ მიმართულებებს გაემიჯნენ და რევოლუციური სლოგანებით რადიკალური ცვლილებების განხორციელება დაიწყეს. ხმამაღალი პროტესტითა და მიზანმიმართული პროვოკაციებით ალტერნატიული ხელოვნების წრეებმა საერთაშორისო ცნობადობა და აღიარება მოიპოვეს.

ექსპოზიციაზე წარმოდგენილი ინტერვიუები, ვიდეო, ფოტო და აუდიო მასალები, პუბლიკაციები, პლაკატები და ექსპონატები მნახველებს გერმანიის 1980-იანი წლების სუბკულტურებს გააცნობს. გამოფენა ასახავს ზემოთხსენებული სუბკულტურის ფართო მასშტაბს შვიდი მუსიკალური ბენდის, როგორც დასავლეთ, ისევე აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქებიდან წამოსული ხელოვანების, კინემატოგრაფებისა და დიზაინერების ნამუშევრების ფონზე. გამოფენა წარმოაჩენს პროტაგონისტებს, ხელოვანთა წრეების გადაკვეთის წერტილებს სხვადასხვა ქალაქებში და მათ მიერ შექმნილ გაერთიანებებს. ასევე, განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა ხელოვნებაში, კინოში, მოდასა და დიზაინში თანადროულად მიმდინარე ტენდენციებს.

კურატორი: მატილდე ვეე, გოეთეს ინსტიტუტი, მიუნხენი

იდეა და კონცეპტი: მატილდე ვეე და დოქ. ლეონჰარდ ემერლინგი, გოეთეს ინსტიტუტი, მიუნხენი

გახსნა: 6 მარტი, 18:30

ხანგრძლივობა: 6-27 მარტი, 2018

მისამართი: თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა), სიონის ქ. 8

გამოფენის გახსნაზე დასწრება თავისუფალია!

მომდევნო დღეებში ბილეთის საფასური:
მოზრდილი 5 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის. 

*მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.