გია ბუღაძის გამოფენა „Olim - ოდესღაც"

06 მარტი 2018 – 14 აპრილი 2018

ეროვნული გალერეა

საქართველოს ეროვნული მუზეუმი წარმოგიდგენთ გია ბუღაძის გამოფენას „Olim - ოდესღაც" დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში.

„Olim" ლათინური სიტყვაა და ნიშნავს „ოდესღაც". სიტყვა შეიცავს დროის ორ მიმართებას როგორც წარსულისაკენ, ასევე მომავლისაკენ. გამოფენაზე წარმოდგენილი გია ბუღაძის სერია „Olim - ოდესღაც" არის მეგალოგრაფია, რომელიც შედგება 33 დამოუკიდებელი ნამუშევრისგან, რაც მთლიანობაში მიმართულია ერთი მასშტა­ბუ­რი და აქტუალური იდეისა თუ პრობლემის დასმისაკენ.

ევროპაში, და არა მარტო, არსებობს საყოფაცხოვრებო ტრადიცია, ქცევის წესი - როდესაც ბინას, ან სახლს დროებით ტოვებენ, ნივთებს, საგნებს, ავეჯს, სარკეებს, ჭაღებს თეთრი მატერიით - სუდარით ფარავენ, რათა შეინახონ, დაიცვან დაზიანებისა და მტვრისაგან იმ დრომდე, ვიდრე შინ დაბრუნდებიან.

„Olim არის ვიზუალური მახსოვრობის „თეატრი", რომელიც გადანახვას და შენახვას ისახავს მიზნად. ამიტომაც გამოვიყენე ამგვარი მეთოდი: წმინდა წერილიდან, კერძოდ კი, სახარებიდან ავიღე სცენები, ისინი ისეთი იკონოგრაფიული ვერსიებით გამოვსახე, რომ ყოველი სცენა იოლად ამოსაცნობი ყოფილიყო. სცენები ტილოზე დავიტანე და თეთრი სუდარა „გადავაფარე", შევფუთე ერთგვარი სუდარა-ბადით, გადავმალე, გადავინახე, გაცხადება-გახსნის დრომდე შევინახე" - ამბობს ავტორი.

სერია „Olim - ოდესღაც" შინაარსთა დაფარვა-გახსნას გუ­ლის­ხმობს, როდესაც ის მრავალი იდეა, რომელიც დღეს შენახული და დაფარულია, გაიხ­სნე­ბა და აიხსნება; ეს მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჩვენი შინ დაბრუნების დრო დადგება.

გახსნა: 6 მარტი, 17:00 საათი
ხანგრძლივობა: 6 მარტი - 14 აპრილი, 2018
მისამართი: დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეა, შოთა რუსთაველის გამზ.11

*გალერეა მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზეbiletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.