შუა საუკუნეების საგანძურის განახლებული ექსპოზიცია

09 თებერვ. 2018 – 09 მარტი 2018

საქართველოს მუზეუმი

საქართველოს ეროვნული მუზეუმი და საქართველოს ეროვნული არქივი გიწვევთ შუა საუკუნეების საგანძურის განახლებულ გამოფენაზე. 

ექსპოზიციაში ჩაერთო 1532 წელს, კალმახის ციხეში (ტაო-კლარჯეთი), წმინდა დიმიტრის ეკლესიაში გადაწერილი ოთხთავი, რომლის ყდა შემკულია ვერცხლის ფირფიტებისაგან შედგენილი ჯვრითა და ბურთულებით; ასევე, თავსამკაულებით მოხატული ჟამნ-გულანი (XVII ს.); ერეკლე II-ის სტამბაში დაბეჭდილი კონდაკი - კონდაკის ტექსტს წინ უძღვის ბაგრატოვანთა სამეფო დინასტიის გერბი და სხვა.

გამოფენაზე ,,შუა საუკუნეების საგანძური" წარმოდგენილია წინაქრისტიანული და შუა საუკუნეების ქართული ხელოვნების ნიმუშები. მათ შორის უნიკალური ხატები, ქვის, ხის და შუა საუკუნეების სხვა გამორჩეული ექსპონატები: დავათის VI საუკუნის სტელა ქართული ანბანის უძველესი გამოსახულებით, V-VI საუკუნეების ჩვენამდე მოღწეული მოზაიკის უძველესი ნიმუში ბიჭვინთიდან, XII-XVIII საუკუნეების ნაქარგობის უნიკალური ნიმუშები, XII საუკუნის წმ. გიორგის მოზაიკური და XIII ს. მთავარანგელოზის გამოსახულებიანი ხატები მაცხვარიშიდან, XIV-XVII საუკუნეების ხატების ანსამბლი უბისიდან, ურბნისიდან და შიომღვიმიდან. ასევე, დავით აღმაშენებლის ანდერძის ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი ფრაგმენტი (ასლი), დაწერილი შარვანში გალაშქრების წინ და ანდერძის ალექსანდრე როინაშვილის მიერ 1895 წელს გადაღებული მინის ნეგატივის ასლი.

ექსპოზიციაზე, ქართული ხელოვნების შედევრებთან ერთად, დამთვალიერებელი გაეცნობა შუა საუკუნეების იმ ტექნოლოგიებსა და ხელსაწყოებს, რომლებიც გამოიყენებოდა სხვადასხვა ნაკეთობის დასამზადებლად.

საერთაშორისო სამუზეუმო სტანდარტის შესაბამისად აღჭურვილი შუა საუკუნეების საგანძურის საგამოფენო სივრცე გაიხსნა 2016 წლის ივნისში. კოლექციის სპეციფიკიდან გამომდინარე, გამოფენაზე მუდმივად მიმდინარეობს  ხელოვნების ნიმუშთა ცვლა. გამოფენა, საგანმანათლებლო პროგრამებისა და კულტურული ღონისძიების თანხლებით, საშუალებას იძლევა ქართული ხელოვნების ნიმუშების და მეცნიერების ერთიან კონტექსტში წარმოჩენით, ვაჩვენოთ ეროვნული თვითშემეცნების, ქართული გონებრივი საუნჯის ჩამოყალიბებისა და განვითარების უწყვეტი გზა.

მისამართი: ს. ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზ. 3. 

*მუზეუმი მუშაობს ყოველდღე ორშაბათის გარდა, 10:00-დან 17:30 საათამდე.

შესასვლელი ბილეთის საფასური: 
მოზრდილი 7 ლარი;
სტუდენტი 1 ლარი;
სკოლის მოსწავლე 50 თეთრი;
პენსიონერი 50 თეთრი;
ბავშვი 6 წლამდე უფასო;

*ბილეთების შეძენა ასევე შესაძლებელია ელექტრონულად ვებგვერდზე biletebi.ge 

შესაბამისი დოკუმენტის წარდგენით მუზეუმში შესვლა უფასოა:
ICOM-ის წევრებისთვის, საქართველოსა და უცხოეთის სახელმწიფო მუზეუმების თანამშრომლებისთვის, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვის, სოციალურად დაუცველი და იძულებით გადაადგილებულთათვის.