მე ვხატავ

22 ნოემბერი 2016 – 25 ნოემბერი 2016

საქართველოს მუზეუმი

2016 წლის 22 ნოემბერს, 17:00  საათზე, საქართველოს ეროვნული მუზეუმის სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმში გაიხსნება გამოფენა „მე ვხატავ".

ღონისძიება გაიმართება ასოციაციის „ხელოვნება საზოგადოებრივი ინტერესებისათვის" (API) მიერ  კულტურულ ურთიერთობათა ცენტრის „კავკასიური სახლის" მხარდაჭერით.

ღონისძიების მიზანია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვების შემოქმედებითი პოტენციალის, ემოციებისა და შთაბეჭდილებების წარმოჩენა, რომელიც კიდევ ერთხელ ხაზს გაუსვამს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვების ინტეგრაციისა და ინკლუზიის საჭიროებასა და მნიშვნელობას.

გამოფენაზე ექსპონირებული იქნება მოზარდების ნამუშევრები, რომლებიც შეიქმნა პროექტის „ინკლუზიური განათლება საქართველოს მუზეუმებში" ფარგლებში (პროექტი განხორციელდა ევროპის ფონდის მხარდაჭერით და შვედეთის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს ,,SIDA" დაფინანსებით).

ღონისძიების იდეა წარმოიქმნა პროექტის მსვლელობის დროს - სპეციალური ადაპტირებული საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში ბავშვებმა შექმნეს ბევრი საინტერესო ნამუშევარი დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნული გალერეის ნიკო ფიროსმანაშვილის ექსპოზიციის ირგვლივ. სხვადასხვა მასალაში (გუაში, პასტელი, კოლაჟი, აპლიკაცია) ბავშვებმა გადმოსცეს გამოფენის დათვალიერების შემდეგ მიღებული ემოცია და შთაბეჭდილება.

ნამუშევრებთან ერთად გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება საგანმანათლებლო პროგრამების მსვლელობის ფოტომასალა, ვიდეორგოლი, მშობლებისა და პედაგოგების გამოხმაურებები.

გამოფენა 2016 წლის 25 ნოემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: სიმონ ჯანაშიას სახელობის საქართველოს მუზეუმი, შოთა რუსთაველის გამზირი 3.