საჩუქარი ადელაიდას

08 სექტემბ. 2016 – 14 სექტემბ. 2016

ხელოვნების მუზეუმი

2016 წლის 8 სექტემბერს 18:00 საათზე საქართველოს ეროვნული მუზეუმის შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმში გიწვევთ დავით ალექსიძის პერსონალური გამოფენის გახსნაზე სახელწოდებით ,,საჩუქარი ადელაიდას".

გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება 90-იან წლებში შექმნილი 30-მდე გრაფიკული ნამუშევარი. 90-იანი წლების დასაწყისში მხატვარი ნამუშევრებში ქართული კონტექსტების ძიებას იწყებს.  ქართულ ორნამენტს საკუთარი ესთეტიკის პრიზმაში ატარებს - მცირე ზომიდან დიდ კომპოზიციებში, წყლის საღებავებიდან ზეთის საღებავებში გადააქვს და მათ ხატ-სახის ინტერპრეტაციას ანიჭებს. დავით ალექსიძე ხშირად მიმართავს ექსპერიმენტებს - სასურველი ფერისა და ფაქტურის მისაღებად სხვადასხვა ტექნიკას იყენებს.

დავით ალექსიძე საქართველოს თანამედროვე სახელოვნებო სივრცის აქტიური წარმომადგენელია. მას არაერთ საერთაშორისო და ჯგუფურ გამოფენაში აქვს მონაწილეობა მიღებული. მისი ნამუშევრები საერთაშორისო კატალოგებშია შეტანილი და დაცულია სხვადასხვა ქვეყნის კერძო კოლექციებში. ამჟამად დავით ალექსიძე არის თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის სახვითი ხელოვნების ფაკულტეტის დეკანი.

გამოფენა ,,საჩუქარი ადელაიდას" 2016 წლის 14 სექტემბრამდე გაგრძელდება.

მისამართი: შალვა ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების მუზეუმი, გუდიაშვილის ქ. №1.